ისრაელმა გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელ კაცი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
"ნებისმიერი, ვისაც არ შეუძლია ცალსახად დაგმოს ირანის თავდასხმა ისრაელზე, როგორც ეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანამ გააკეთა, არაა ღირსი ისრაელის მიწაზე ფეხი დაადგას", - დაწერა მინისტრმა.
მისივე თქმით, გუტიერეშმა არ დაგმო ჰამასის მიერ ისრაელზე 7 ოქტომბრის თავდასხმა და არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოეცხადებინათ.
1-ელი ოქტომბრის საღამოს, როდესაც ირანმა ისრაელზე სარაკეტო იერიში მიიტანა, გუტიერეშმა ტვიტი გამოაქვეყნა, რომელშიც მან ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაცია დაგმო. არც ისრაელი და არც ირანი გუტიერეშს არ უხსენებია.