ისრაელის თავდაცვის მინისტრი, იოავ გალანტი ამბობს, რომ თუ ჰეზბოლა უარს იტყვის ომში ჩართვაზე, ვითარების ესკალაცია არ მოხდება, თუმცა წინააღმდეგ შემთხვევაში, ის ამბობს, რომ ჰეზბოლა მძიმე ფასს გადაიხდის.
"ჩვენ არ ვართ დაინტერესებულები ჩრდილოეთში ომით, ჩვენ არ გვინდა ვითარების ესკალაცია, თუმცა თუ ჰეზბოლა აირჩევს ომის გზას, ის გადაიხდის ძალიან მძიმე ფასს, მაგრამ თუ ის თავს შეიკავებს, ჩვენ პატივს ვცემთ ამ გადაწყვეტილებას და შევინარჩუნებთ სიტუაციას, როგორც ეს ახლა არის", - განაცხადა მან.
ისრაელისა და ლიბანის საზღვარი ამ დრომდე ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და სახიფათო ზონად რჩება. გასული კვირიდან მოყოლებული, ისრაელის ტერიტორიაზე ლიბანიდან რამდენიმე შეტევა განხორციელდა - ნაწილზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება ჰეზბოლამ აიღო, ხოლო ნაწილში ისრაელმა ჰეზბოლა თავად დაადანაშაულა და საპასუხო ცეცხლი გახსნა.
გუშინ ლიბანში, გაეროს მშვიდობისმყოფელებმა განაცხადეს, რომ მათ ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, თუმცა, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
გაერო ცდილობს იმის გარკვევას ვინ დგას თავდასხმის უკან - ისრაელი თუ ლიბანელი ბოევიკები. მშვიდობისმყოფელებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად მათი ძალისხმევისა, სამხედრო ესკალაცია გრძელდება.