ისრაელის თავდაცვის მინისტრი: თუ ჰამასზე სამხედრო ზეწოლა არ იქნება, პროგრესი არ გვექნება

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: თუ ჰამასზე სამხედრო ზეწოლა არ იქნება, პროგრესი არ გვექნება

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ჰამასზე სამხედრო ზეწოლის გაზრდით, მძევალთა გათავისუფლების უფრო მეტი შანსი არსებობს.

"თუ ჰამასზე სამხედრო ზეწოლა არ იქნება, არანაირი პროგრესი არ გვექნება", - ამბობს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

მისი თქმით, ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მძევლებზე ამბების გავრცელებით ფსიქოლოგიურ მანიპულაციას ცდილობს.

"ჰამასის მიერ გამოქვეყნებული ამბები მათი ფსიქოლოგიური თამაშების ნაწილია. ჰამასი ცინიკურად იყენება მათ, ვინც ჩვენთვის ძვირფასია - მათ ესმით ტკივილი და ზეწოლა. ჰამასს ყველას ყველაში გაცვლა რომ ნდომოდა, ეს მოხდებოდა, მაგრამ არ უნდა", - ამბობს გალანტი.

7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის შემდეგ ჰამასის მებრძოლებმა მძევლები აიყვანეს და ღაზის ტერიტორიაზე გადაიყვანეს. ბოლო მონაცემებით, მძევლად 200-250 ადამიანია აყვანილი, მათ შორის არიან როგორც ისრაელის, ისე სხვა ქვეყნის მოქალაქეები. მძევლებს შორის არიან ბავშვები და მოხუცები.

***

7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.

გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.

ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.

ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.