ისრაელის თავდაცვის მინისტრის, იოავ გალანტის განცხადებით, ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება, ისრაელი კი ახლა პირველ ფაზაში იმყოფება.
"ომს სამი ძირითადი ეტაპი ექნება. ჩვენ ახლა პირველ ფაზაში ვიმყოფებით, რომელშიც მიმდინარეობს სამხედრო კამპანია საჰაერო თავდასხმებით და მოგვიანებით, სახმელეთო მანევრით, რომლის მიზანია დაამარცხოს და გაანადგუროს ჰამასი", - ამბობს გალანტი.
გალანტის თქმით, მეორე ეტაპზე ბრძოლა გაგრძელდება, მაგრამ უფრო დაბალი ინტენსივობით, რადგან ჯარები წინააღმდეგობის კერების აღმოსაფხვრელად იმუშავებენ.
"მესამე ეტაპი იქნება ღაზის სექტორში უსაფრთხოების ახალი რეჟიმის შექმნა, ღაზის სექტორში ყოველდღიურ ცხოვრებაზე ისრაელის პასუხისმგებლობის მოხსნა და უსაფრთხოების ახალი რეალობის შექმნა ისრაელის მოქალაქეებისთვის და ღაზის მიმდებარე ტერიტორიის მაცხოვრებლებისთვის", - ამბობს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.