ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გუშინ ღამით ღაზაში 320-ზე მეტი სამხედრო ობიექტი გაანადგურეს.
თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მათი სამიზნე ტერორისტული ინფრასტრუქტურა და სამხედრო ობიექტები იყო, მათ შორის გვირაბები, სადაც ჰამასის ტერორისტები ცხოვრობენ. ასევე, ათობით ოპერატიული მართვის ცენტრი, სადაც ჰამასის წევრები იმალებოდნენ.
"ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაარტყეს სამიზნეებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციებისთვის მომზადებულ ძალებს, მათ შორის ათობით ნაღმმტყორცნსა და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამშვებ მოწყობილობას", - ნათქვამია განცხადებაში.
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.