ისრაელი დაღესტანში, მაჰაჩყალას აეროპორტში თელ-ავივის რეისის დაჯდომის დროს ბრბოს შეჭრას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთისგან ისრაელის მოქალაქეების დაცვის მოლოდინი აქვს.
პრემიერმინისტრისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "სახელმწიფო უდიდესი სერიოზულობით უყურებს ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელების მიმართ ზიანის მიყენების ნებისმიერ მცდელობას, ნებისმიერ ადგილას".
"პრემიერმინისტრის აპარატი, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეროვნული უშიშროების საბჭო (NSC) ყურადღებით აკვირდებიან მოვლენებს რუსეთის სამხრეთ რეგიონში, კონკრეტულად კი დაღესტნის რაიონში. ისრაელი ელის რუსეთის ხელისუფლებას, რომ დაიცავს ისრაელის ყველა მოქალაქისა და ებრაელის კეთილდღეობას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი და მიიღებს ზომებს ებრაელებისა და ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ უკანონობაზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი თქმით, ისრაელის ელჩი ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსეთის ხელისუფლებასთან კონტაქტზეა და პროცესში ჩართულია.
რუსეთში, დაღესტნის ქალაქ მაჰაჩყალას აეროპორტში ბრბო შეიჭრა. ამ დროს აეროპორტში თელ-ავივის რეისი დაეშვა, მათი მოტივი კი ებრაელ მგზავრებზე თავდასხმა იყო.