ისრაელის თავდაცვის ძალებში უარყოფენ ცნობებს, რომ ღაზის სექტორიდან მიმავალი ევაკუაციის კოლონა დაბომბეს, რის შედეგადაც 70 პალესტინელი დაიღუპა. IDF-ის სპიკერი ადასტურებს, რომ ამ ტერიტორიაზე პარასკევს აფეთქება ნამდვილად იყო, თუმცა პასუხისმგებლობას ჰამასის ტერორისტების აკისრებს.
"მათ ღაზის სექტორში ხაფანგები განათავსეს და არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ადამიანის სიცოცხლეს არაფრად აგდებენ, არც ისრაელელის და არც პალესტინელის", - განაცხადა მან.
ის აღნიშნავს, რომ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, რაც ამ აფეთქებაში ისრაელის არმიის ჩართულობაზე მიუთითებს. მისი თქმით, იმ ვიდეოებშიც, რაც ონლაინ სივრცეში გავრცელდა, ჩანს აფეთქება მიწიდან და არა ჰაერიდან - შესაბამისად, აღნიშნავს, რომ თავდასხმა საჰაერო არ ყოფილა და ისრაელი მასში არ მონაწილეობდა.
ევაკუაციის გამოცხადების შემდეგ, ისრაელმა ჰამასი არაერთხელ დაადანაშაულა მისი ჩაშლის მცდელობაში. დღეს IDF-ის სპიკერმა, ჯონათან კონრიკუსმა თქვა, რომ ევაკუაციისთვის ხელის შეშლის მიზნით, ტერორისტულმა დაჯგუფებამ სხვადასხვა ტერიტორიაზე კოლონები ჩააყენა. მისი განცხადებით, ჰამასი ბლოკავს ყველას, ვინც სამხრეთისკენ გადასვლას ცდილობს.
ისრაელმა 13 ოქტომბერს, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის ტერიტორიაზე მათი ჯარები შეიყვანა - კერძოდ, საუბარია არა ფართომასშტაბიან სახმელეთო, არამედ ლოკალურ ოპერაციებზე, რომლის მთავარი მიზანი მძევლების პოვნა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს ღაზის სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა - გაფრთხილების ვადა პარასკევს ამოიწურა, თუმცა ჰამასმა ადგილობრივებს უთხრა, რომ ევაკუაცია არ განეხორციელებინათ. არსებული ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
მეორე დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ტერიტორიისკენ გადაადგილების შესახებ ხელახლა მოუწოდეს - IDF-ის პრესსპიკერმა მოსახლეობას ურჩია, ეს მათივე უსაფრთხოებისთვის გაეკეთებინათ, რადგან თავდასხმის შემთხვევაში თავის დასაცავად, ჰამასის ლიდერებმა შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს.
ევაკუაციის გაფრთხილებას კრიტიკა მოჰყვა გარკვეული ჯგუფების, მათ შორის დასავლელი ლიდერების მხრიდან. მაგალითად, ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ისრაელის მითითება ღაზის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე, შესასრულებლად შეუძლებელია.