ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი, ჯონათან კონრიკუსი აცხადებს, რომ ევაკუაციისთვის ხელის შეშლის მიზნით, ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა კოლონები ჩააყენა. ის აღნიშნავს, რომ ჰამასი ბლოკავს ყველას, ვინც სამხრეთისკენ გადასვლას ცდილობს.
"ჰამასმა გამოსცა გაფრთხილება მისი მოქალაქეებისთვის, არ დაიწყონ ევაკუაცია და როცა მათ არ მოუსმინეს, გააჩერეს ადამიანები, ჩააყენეს კოლონები მათ შესაჩერებლად, ვინც წასვლას ცდილობდა და გაითვალისწინა ჩვენი გაფრთხილება. თქვენ ხედავთ, რომ ავტომობილების რიგია, ადამიანები ცდილობენ ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადავიდნენ, მაგრამ მათ გზას სატვირთოები უბლოკავენ", - განაცხადა მან.
ისრაელმა 13 ოქტომბერს, ომის დაწყების შემდეგ პირველად, ღაზის ტერიტორიაზე მათი ჯარები შეიყვანა - კერძოდ, საუბარია არა ფართომასშტაბიან სახმელეთო, არამედ ლოკალურ ოპერაციებზე, რომლის მთავარი მიზანი მძევლების პოვნა და ჰამასის ინფრასტრუქტურის განადგურებაა.
ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ისრაელმა ჩრდილოეთში მცხოვრებ პალესტინელებს ღაზის სამხრეთით გადაადგილებისკენ მოუწოდა - გაფრთხილების ვადა პარასკევს ამოიწურა, თუმცა ჰამასმა ადგილობრივებს უთხრა, რომ ევაკუაცია არ განეხორციელებინათ. არსებული ინფორმაციით, იმ ტერიტორიაზე მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.
მეორე დღეს ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორის მოსახლეობას სამხრეთ ტერიტორიისკენ გადაადგილების შესახებ ხელახლა მოუწოდეს - IDF-ის პრესსპიკერმა მოსახლეობას ურჩია, ეს მათივე უსაფრთხოებისთვის გაეკეთებინათ, რადგან თავდასხმის შემთხვევაში თავის დასაცავად, ჰამასის ლიდერებმა შესაბამისი ზომები უკვე მიიღეს.
ევაკუაციის გაფრთხილებას კრიტიკა მოჰყვა გარკვეული ჯგუფების, მათ შორის დასავლელი ლიდერების მხრიდან. მაგალითად, ევროკომისარი ჯოზეფ ბორელი ამბობს, რომ ისრაელის მითითება ღაზის ჩრდილოეთიდან მოსახლეობის ევაკუაციაზე, შესასრულებლად შეუძლებელია.