მოსალოდნელი სახმელეთო შეტევის ფონზე, ისრაელის სამხედროებმა მოუწოდეს ღაზის სექტორში მცხოვრებ ყველა სამოქალაქო პირს მომდევნო 24 საათის განმავლობაში დაიწყონ ქალაქის ევაკუაცია და გადაადგილდნენ სამხრეთის მიმართულებით.
ეს განკარგულება დაახლოებით მილიონ ადამიანს ეხება. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს ნაბიჯი პრევენციაა იმ უზარმაზარი სამოქალაქო დანაკარგისა, რაც შეიძლება ისრაელის შეტევამ გამოიწვიოს.
ისრაელის სამხედროების თქმით, უახლოეს დღეებში ქვეყანა ღაზის სექტორში მნიშვნელოვან ნაბიჯებს გადადგამს, ხოლო მოქალაქეთა უკან დაბრუნება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა შესაბამისი ბრძანება გაიცემა.
"ისრაელის თავდაცვის ძალები ყველა მშვიდობიან მოსახლეს ღაზის ქალაქიდან სამხრეთის მიმართულებით ევაკუაციისაკენ მოუწოდებს, მათი უსაფრთხოებისა და დაცვის მიზნით", - თქვა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია კი ასეთი მოქმედების „დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე“ განხორციელებას შეუძლებლად მიიჩნევს.
„გაერო კატეგორიულად მოუწოდებს ნებისმიერი ასეთი ბრძანების გაუქმებას, დადასტურების შემთხვევაში, რათა თავიდან იქნას აცილებული ის, რაც უკვე არსებულ ტრაგედიას კატასტროფულ სიტუაციად გარდაქმნის“, - თქვა გაეროს სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა.
***
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.
სარაკეტო იერიშის პარალელურად ჰამასის მებრძოლები ისრაელში შეიჭრნენ. მათ ღაზის სექტორთან, სასაზღვრო ღობე რამდენიმე ადგილას დააზიანეს დაა ისრაელის ტერიტორიაზე სახმელეთო, საჰაერო და სასაზღვრო გზებით მოხვდნენ. თვითმხილველები ყვებიან, რომ ჰამასელი ტერორისტები დასახლებებში ხალხს ესროდნენ, აჰყავდათ მძევლები და ღაზაში მიჰყავდათ. სოციალურ ქსელებში ქუჩაში ბრძოლებისა და მოსახლეობასთან სასტიკი მოპყრობის არაერთი კადრი გავრცელდა.
ტერორისტული დაჯგუფება მძევლების მოკვლით იმუქრება, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე იერიშს გაუფრთხილებლად მიიტანს. ამასთან, დაჯგუფების მაღალჩინოსანმა 10 ოქტომბერს განაცხადა, რომ ჰამასმა "თავის მიზნებს მიაღწია" და "ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა".
ბოლო მონაცემებით, ჰამასმა 100-150 ადამიანი გაიტაცა.