ისრაელის განცხადებით, ჰამასის ტყვეობაში კიდევ ოთხი მძევალი დაიღუპა, რომლებიც 7 ოქტომბერს გაიტაცეს.
ისრაელის სამხედროების ინფორმაციით, ოთხივე მათგანი სამხრეთ ღაზაში, ხან იუნში ისრაელის ოპერაციის დროს მოკლეს და დასძენენ, რომ მათი ცხედრები ამ დრომდე ბოევიკების ხელშია.
მოკლულები არიან: ბრიტანელ-ისრაელის მოქალაქე 51 წლის ნუდავ პოპლუელი, 79 წლის ჩეიმ პერი, 80 წლის იორამ მეცგერი, 85 წლის ამირამ კუპერი.
ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი დენიელ ჰაგარის თქმით, ამ დასკვნამდე ისინი ბოლო დროს მიღებული სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე მივიდნენ.
"ჩვენი შეფასებით, ოთხი მათგანი მოკლეს, როდესაც ჰამასის წინააღმდეგ ჩვენი ოპერაციის დროს ერთად ხან იუნის რაიონში იმყოფებოდნენ", - თქვა ჰაგარიმ და დამატებით დეტალებზე არ ისაუბრა.
გასულ თვეში ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა განაცხადა, რომ დანავ პოპლუელი აპრილში ისრაელის დარტყმის შედეგად დაიღუპა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში თქვეს, რომ გამოძიებას ატარებდნენ, თუმცა მისი გარდაცვალება არ დაუდასტურებიათ. პოპლუელის მკვლელობას გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი დეივიდ კემერონი და ამის გამო წუხილი გამოთქვა.
ნადავ პოპლუელი 7 ოქტომბერს ღაზასთან მდებარე კიბუციდან, სახლიდან დედასთან ერთად გაიტაცეს, რომელიც მოგვიანებით ჰამასმა გაათავისუფლა. ნადავის ძმა როი თავდასხმის დროს მოკლეს.
ჯამში, ისრაელი აცხადებს, რომ ჰამასის თავდასხმის შედეგად 1200 ადამიანი მოკლეს, ხოლო 251 ღაზაში მძევლად წაიყვანეს. სხვადასხვა დროს პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ ჰამასმა ისრაელში ათეულობით მძევალი დააბრუნა. ამ დრომდე 120 მძევალი კვლავ ტყვეობაშია.
ჰამასის მოულოდნელი მასშტაბური თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზაში სამხედრო ოპერაცია დაიწყო, რასაც სექტორის ფაქტობრივად უწყვეტი დაბომბვა მოჰყვა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 8 თვის განმავლობაში თითქმის 36 ადამიანი დაიღუპა.