ირანში, ქალაქ კერმანში, ყასემ სოლეიმანის საფლავთან მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ე.წ ისლამურმა სახელმწიფომ (ISIS) აიღო. აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 84 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 284 დაშავდა.
ISIS-ის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ადგილზე ორმა კამიკაძე ტერორისტმა აიფეთქა თავი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კი ვარაუდობენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები ტერორისტებმა დისტანციურად აამოქმედეს.
ცნობილია, რომ პირველი აფეთქება 3 იანვარს ყოფილი სამხედრო მეთაურის ყასემ სოლეიმანის საფლავთან ახლოს მოხდა, ხოლო მეორე - დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით, მაშინ, როცა ადგილზე მომლოცველები გადაადგილდებოდნენ.
სოლეიმანი ოთხი წლის წინ ბაღდადის საერთაშორისო აეროპორტში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელებულ საჰაერო თავდასხმას ემსხვერპლა.
ირანის "ჩრდილოვანი მეთაურის" სახელით ცნობილი სოლეიმანი, რომელიც 1998 წლიდან ხელმძღვანელობდა ყუდსის ძალებს, იყო ირანის სამხედრო ოპერაციების განმახორციელებელი ერაყსა და სირიაში.