ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი, ნასერ ქანაანი აცხადებს, რომ ირანი მზადაა, გაათავისუფლოს მძევლები, თუ ისრაელი ღაზას თავს არ დაესხმება.
ამის შესახებ ქანაანმა თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
"ჰამასი პოტენციურად მზადაა, გაათავისუფლოს მძევლები, თუ ისრაელი ღაზის სექტორზე თავდასხმებს შეაჩერებს", - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა.
ჰამასმა 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმის დროს დაახლოებით 150 მძევალი აიყვანა და ღაზაში გადაიყვანა. ის დაემუქრა მძევლების მოკვლით, თუ ისრაელის მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები გაფრთხილების გარეშე დაიბომბება. ისრაელის თავდაცვის ძალების ბოლო ცნობებით, ღაზაში 199 ისრაელელია მძევლად აყვანილი.
***
7 ოქტომბერს ღაზის სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ათობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.