რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, რომ ოცნების სოციალურ-დემოკრატიული პარტიიდან იზოლირება, შემდეგ კი გარიცხვა "ნამდვილად არ დაეხმარება ოცნებას თავისი დღის წესრიგის წინ წაწევაში".
ფორმულასთან ინტერვიუში იოზვიაკმა თქვა, რომ PES-დან ოცნების გარიცხვას არ ექნება დიდი გავლენა საქართველოსთვის EU-ის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა აღნიშნა, რომ ამით საქართველო დაკარგავს არაფორმალურ მხარდაჭერას.
"არ მგონია, ამას ძალიან დიდი გავლენა ჰქონდეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსის მინიჭებაზე, მეორე მხრივ, ეს მნიშვნელოვანია პოლიტიკური ოჯახების თვალსაზრისით, ისინი ოჯახებივით არიან. ხომ ყოველთვის ვეხმარებით დას, ძმას, ბიძაშვილს თუ ბიძას, ასე რომ, სოციალ-დემოკრატებიდან იზოლირება, შემდეგ კი გაგდება ნამდვილად არ დაეხმარება ქართულ ოცნებას თავისი დღის წესრიგის წინ წაწევაში, რადგან პოლიტიკურ ოჯახებს ბრიუსელში აქვთ ძალიან დიდი არაფორმალური ძალაუფლება და ამის გარეშე შეიძლება დარჩეს საქართველო და ქართული ოცნება", - თქვა იოზვიაკმა.
იოზვიაკი გამორიცხავს ევროპის 5 დიდ პოლიტიკურ ჯგუფს, სადაც PES-დან გამორიცხვის შემდეგ ოცნებას შესაძლებლობა ექნება გააგრძელოს პარტნიორობა. ის ამბობს, რომ ერთადერთი პერსპექტივაა, ღარიბაშვილმა ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან ითანამშრომლოს, თუმცა მისი შეფასებით, ეს არ არის სახარბიელო პერსპექტივა პრემიერისთვისა და ოცნებისთვის.
"ადამიანების უმეტესობა, რომლებიც ბუდაპეშტის შეკრებას ესწრებოდნენ, იყვნენ აღმოსავლეთ ევროპის ულტრამემარჯვენე პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები. ნამდვილად არ ვიცი, სად შეიძლება წავიდეს ღარიბაშვილი. მას შეუძლია შეუერთდეს ევროპის კონსერვატიულ ჯგუფს, რომელიც გაცილებით პატარაა, მაგრამ მასში უდიდესი პარტიაა - სამართალი და სამართლიანობა. ეს კი პოლონეთის პრემიერის პარტიაა და ვიცით, რომ სააკაშვილის დიდ მეგობრები არიან. ღარიბაშვილი ვერ წავა ევროპის სახალხო პარტიაში, რადგან ის სააკაშვილის პარტიაა, ვერ წავა ლიბერალებთან, რადგან ისინი არ მიიღებენ მისი შეხედულებების გამო და თუ მას სოციალისტებიც გამოაგდებენ, ვერ შეუერთდება ვერც კონსერვატორებს, ამის სურვილი არ ექნებათ არც მწვანეებს, რადგან ისინი უკიდურესად პროგრესულები არიან. გამოდის, რომ ევროპის 5 მთავარ პოლიტიკურ ჯგუფს არ სურს ღარიბაშვილის წევრობა. ერთადერთი, მას შეუძლია შეუერთდეს ულტრამემარჯვენეებს, ასეთ შემთხვევაში კი, არ მგონია კარგად გამოიყურებოდეს საქართველო, რომელსაც ასეთი პრემიერი ან მმართველი პარტია ეყოლება", - ამბობს იოზვიაკი.
8 მაისს, სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში PES-ის ვიცე-პრეზიდენტმა კეტი პირიმ აღნიშნა, პოლიტიკურ გაერთიანებაში ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა და ოცნებას არავინ უჭერს მხარს. მისივე თქმით, გაერთიანებაში უკმაყოფილოები არიან იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში კონსერვატიულ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.
4 მაისს, უნგრეთში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა დაგმო ევროპელი სოციალისტების პარტიამ (PES) და აღნიშნა, რომ PES-ის მომავალ სხდომაზე ქართული ოცნებისთვის სტატუსის შეჩერებას განიხილავენ, რაც "აუცილებელი ნაბიჯია".
კეტი პირის ამ განცხადებას გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი და თქვა, რომ დასკვნებს პარტიაშიც გააკეთებენ, "შეიძლება იმაზე ადრე, ვიდრე სოციალისტები შეიკრიბებიან ივნისში".