იოსელიანის განცხადებების გამო ომბუდსმენთან არსებულ საბჭოს ერთ-ერთი წევრი ტოვებს

იოსელიანის განცხადებების გამო ომბუდსმენთან არსებულ საბჭოს ერთ-ერთი წევრი ტოვებს

საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭო ერთ-ერთმა წევრმა გია კაკაჩიამ დატოვა. ამის შესახებ განცხადებას ის თავად ავრცელებს.

როგორც კაკაჩია აღნიშნავს, ამ გადაწყვეტილების მიზეზი ომბუდსმენის ბოლო პერიოდის განცხადებებია. მისივე განცხადებით, ომბუდსმენის "ინსტიტუტთან თანამშრომლობა ამ სახალხო დამცველის დროს, რომელიც არ ასახავს მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს, მიუღებელი და მიზანშეუწონელია".

"რამდენადაც ვთვლი, რომ სახალხო დამცველის ბოლო პერიოდის განცხადებები, მათ შორის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოქალაქეთა უფლებების მასიურად დარღვევასთან და თანმდევ პროცესებთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება სახალხო დამცველის მანდატს, ახდენს ომბუდსმენის ინსტიტუტის დაკნინებას და ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარი, ეფექტური და სრულყოფილი მონაწილეობის უზრუნველყოფას.

მიმაჩნია, რომ ხსენებულ ინსტიტუტთან თანამშრომლობა ამ სახალხო დამცველის დროს, რომელიც არ ასახავს მოსახლეობის დიდი ნაწილის ინტერესებს, ჩემი მხრიდან მიუღებელია და მიზანშეუწონელია. შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღება ერთადერთი გონივრული ნაბიჯია, რათა მივაღწიოთ მიზნებს, რომლებიც საზოგადოების ყველა წევრის უფლებების რეალურ დაცვას და მათ თანასწორობას უზრუნველყოფს"- წერს კაკაჩია.