სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატს მზია ამაღლობელის წარმომადგენელმა კონსილიუმის შექმნა სთხოვა და კონკრეტული ექიმები წარადგინა და იოსელიანის ცნობით, ეს პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ სახალხო დამცველმა პალიტრა ნიუსის ეთერში ისაუბრა.
"ჩვენ კონსილიუმის შექმნა მხარემ მოგვთხოვა. ეს არ არის საია-ს მიერ დაორგანიზებული. ქალბატონი მზიას წარმომადგენელმა გვთხოვა კონსილიუმის შექმნა და წარმოგვიდგინა კონკრეტული ექიმები. ეს პროცედურა დაიწყო. ჩვენ მათ ვთხოვეთ, შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოედგინათ, ძალიან პატივსაცემი ექიმები არიან, მაგრამ ჩვენ ფორმალურად უნდა დავრწმუნდეთ, რომ აქვთ შესაბამისი ლიცენზია. ეს პროცესი მალე დასრულდება.
თუ როდის შევა ექიმთა ჯგუფი მოსანახულებლად, მთლიანად დამოკიდებულია მათზე. რა თქმა უნდა, ჩემი მანდატით შევლენ მის მოსანახულებლად. ჩვენ ამ პროცესში ჩართულები ვიქნებით.", - თქვა იოსელიანმა.
ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 20 დღეზე მეტია შიმშილობს და ის კლინიკა ვივა მედიში არის გადაყვანილი.