იოსელიანი კაბუზე: ალბათ, სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაო უფრო მიზანშეწონილი იყო

იოსელიანი კაბუზე: ალბათ, სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაო უფრო მიზანშეწონილი იყო

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ქალზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული კაბუს გირაოთი გათავისუფლებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ "ალბათ, სასამართლომ გირაოს გამოყენება უფრო მიზანშეწონილად ჩათვალა".

მისივე თქმით, მისი კომპეტენცია არც ბრალდებაზე და არც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მსჯელობა არაა.

"ალბათ, სასამართლომ ჩათვალა, რომ გირაოს გამოყენება იყო უფრო მიზანშეწონილი ამ შემთხვევაში. მე ვერაფერს გეტყვით, ამ შემთხვევაში, ჩემი კომპეტენცია არ არის, ვიმსჯელო ბრალდების საკითხზე და მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების ხარისხზე, იმიტომ, რომ მე ვიცი რომ ამას პროკურატურა ასაჩივრებს სააპელაციო სასამართლოში. დაველოდოთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას", - თქვა იოსელიანმა.

***

27 ნოემბერს სასამართლომ მსახიობ და მომღერალ კახა აბუაშვილს გირაო შეუფარდა.

მას ბრალი ქალის მიმართ ძალადობის, მუქარის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის აქვს წარდგენილი.

გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, თბილისში, მანქანით გადაადგილებისას კაბუმ მასთან ერთად მყოფ ქალს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ხელი რამდენჯერმე გაარტყა. ამის შედეგად ქალმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო.

გარდა ამისა, კაბუ დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია.

ამასთან, გამოძიებით დადგენილია, რომ კაბუმ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალება ალფა-პვპ-ს, საერთო წონით - 1,28 გრამს.

კაბუს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.

პროკურატურა კაბუს გირაოს ნაცვლად გათავისუფლებას სააპელაციოში გაასაჩივრებს.