იოსელიანი: ეს იყო კლასიკური გატაცება, კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია

იოსელიანი: ეს იყო კლასიკური გატაცება, კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი, კოტე იოსელიანი თბილისის საქალაქო სასამართლოში მივიდა, სადაც მისი გატაცების საქმეზე გამოიკითხება.

იოსელიანმა ჟურნალისტებთან მომხდარის შესახებ ისაუბრა:

"ეს იყო კლასიკური გატაცება მისი ყველა შემადგენელი ფორმით. ეს მოხდა ჩემს სახლთან, ეს იყო ძალადობის ფონზე, ცხადია, იყო რამდენიმე ადამიანი. ჩვეულებრივად როგორც ხდება, როგორც ფილმებში გაქვთ ნანახი, ეგეთი სიტუაცია იყო. თავიდან ვიფიქრე, რომ ეს იმის გაგრძელება იყო, როცა ხალხს სახლებთან ხვდებიან და მათზე ძალადობენ, თუმცა მანქანაში შეთრევისა და თვალებზე პირბადის წამოცმის შემდეგ მივხვდი, რაშიც იყო საქმე.

გადამიყვანეს არც თუ ისე შორს ჩემი საცხოვრებელი სახლიდან. ვვარაუდობ, რომ ეს იყო საბურთალოს ტერიტორია. შემდგომში იყო მოთხოვნა, რა მოთხოვნაც ჩემი მხრიდან შესრულდა იმიტომ, რომ მე არ ვთვლი, რომ პრინციპულ ან მორალურ კომპრომისზე წავედი, მე ამ საკითხთან დაკავშირებით ბოდიში მქონდა მოხდილი და ხელმეორედ ბოდიშის მოხდა არ ჩავთვალე დიდ ამბად იმ ფონზე, რა ფონზეც მიმდინარეობდა ეს კომუნიკაცია და იმ კონკრეტულ საკითხებზე, რა საკითხებზეც მიდიოდა საუბარი - აქ იყო საუბარი ჩემს შვილებზე, მათ გადაადგილებაზე, მათ ვაკის პარკში სიარულის განრიგზე და ა.შ. ცხადია, რომ ეს არ არის ის თემა, სადაც ერთი კონკრეტული მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უსამართლობასა და ძალადობაზე ვისაუბროთ, ეს არის აბსურდი და მე ამას ერთი წამითაც არ ვუშვებ. ეს არის პოლიტიკური მდგენელის მქონე აქტი, რაც განხორციელდა და ამას შესაბამისად პოლიტიკური შედეგები ექნება და აქვს კიდევაც.

მინდა, უტა ივანიშვილს მივმართო, რომ თუკი ამ საკითხთან დაკავშირებით გინდა ჩემთან საუბარი, დამირეკე და პირადად დაგელაპარაკები. ეს იყო კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ის სპეცსამსახურები, რომელსაც აქვს შესაძლებლობა, მოისმინონ ჩანაწერები, განახორციელონ ადევნება, თვალთვალი და ხელი შეუწყონ ისეთ ჯგუფებს, რომლებთანაც მე მქონდა კომუნიკაცია, რომ მათ თავისუფლად იმოქმედონ და შეასრულონ ის დავალებები, რაც მიიღეს", - თქვა მან.

8 ივნისს კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს, წლების წინ მის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო.

9 ივნისს განცხადება გააკეთა ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ, სადაც თქვა, რომ მისი მეუღლე, კოტე იოსელიანი ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს, 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. ბოკუჩავას თქმით, იოსელიანი, შესაძლოა, ე.წ. მოდულის შენობაში ჰყავდათ. მომხდარს ბოკუჩავა მისი დაშინებისა და გაჩუმების მცდელობად აფასებს.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.