სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციის მოქმედება შეფასა და განაცხადა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პოლიცია თავის უფლებამოსილებას ამეტებს.
მისივე თქმით, როდესაც ასეთი გადაცდომებისთვის კონკრეტული ადამიანები არ ისჯებიან, პროცესი შემდგომ უფრო და უფრო ბრუტალურ სახეს იღებს.
"ზოგადად, მე ასეთ შემთხვევებს სიმხეცეს ვუწოდებ, ვინაიდან წარმოუდგენელია ადამიანებს ასე მოექცე, დაესხა თავს. განსაკუთრებით ჟურნალისტებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობას ასრულებენ და გადასცემენ ინფორმაციას, რაც მათი კონსტიტუციური უფლება.
ნამდვილად არ მიჭირს იმის შეფასება, რასაც ვხედავ და ნამდვილად არ მიჭირს იმის თქმა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც პოლიცია თავის უფლებამოსილებას ამეტებს. რაც მთავარია, ასეთ ქმედებებს უნდა მოჰყვეს კონკრეტული პასუხისმგებლობა. აქ მთავარი საკითხი ის არის, რომ როდესაც კონკრეტული ადამიანები არ ისჯებიან ასეთი გადაცდომებისთვის, ეს შემდგომ უფრო და უფრო ბრუტალურ სახეს იღებს", - აღნიშნა იოსელიანმა.
ომბუდსმენის თქმით, ასეთი სასტიკი მოქმედებების ხარისხი აქციიდან აქციამდე იზრდება. იოსელიანი თვლის, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ მიმართულებით კონკრეტული გამოძიებები უნდა აწარმოოს.
"ყოველ ჯერზე როდესაც ახალი საპროტესტო აქცია იმართება, ვხედავთ, რომ ასეთი მოქმედებები კიდევ უფრო მეტი სისასტიკით ხასიათდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ამ მიმართულებით კონკრეტული გამოძიებები აწარმოოს და რაც მთავარია გამოძიებებს მოჰყვეს შედეგები" - განაცხადა იოსელიანმა.