ინფო იმერეთი: ქუთაისთან ახლოს ბაზრის დალუქვა მიმდინარეობს, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს

ინფო იმერეთი: ქუთაისთან ახლოს ბაზრის დალუქვა მიმდინარეობს, რასაც მოსახლეობა აპროტესტებს

ინფო იმერეთის ინფორმაციით, ქუთაისთან ახლოს, ტაბახმელას ბაზრის დალუქვა მიმდინარეობს, რასაც ადმინისტრაცია და მოსახლეობა აპროტესტებს.

პერიმეტრზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველია მობილიზებული.

ინფო იმერეთის ცნობით, 24 მარტს შსს-მ ქუთაისში იმერეთის რეგიონში „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 7 პირი დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ “კანონიერი ქურდის“ ვ.კ.-ს (მეტსახელად “ვატია”) დავალებით, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა ა.კ.-მ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში გახსნა შპს „ტაბახმელა 2023“-ის აგრარული ბაზარი, რომლის ანალოგიური ბაზარი – შპს „ანი“ ფუნქციონირებდა ქუთაისში და რომელსაც ვერ უწევდნენ კონკურენციას. ბრალდებულებმა საკუთარი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, ფინანსური სარგებლის მისაღებად, გადაწყვიტეს ქუთაისში მდებარე აგრარული ბაზრიდან, შპს “ტაბახმელა 2023“-ის აგრარულ ბაზარში გადაეყვანათ დასაქმებულები, რის შედეგად ქუთაისში განთავსებული ბაზარი ვეღარ შეძლებდა ფუნქციონირებას, ხოლო შპს „ტაბახმელა 2023“-ის აგრარული ბაზრის საქმიანობიდან მიიღებდნენ დიდი ოდენობით შემოსავალს.

ბრალდებულებმა „კანონიერი ქურდების“ სახელისა და მათი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, განზრახვა სისრულეში მოიყვანეს, რითაც შპს “ანის” ასიათასობით ლარის ზიანი მიადგა. გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით და 223-ე ტერცია მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში, რასაც ინფო იმერეთი აქვეყნებს.