"იმპიჩმენტით ოცნებამ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს EU-ში გაწევრიანებას" - ევროპარლამენტარები

"იმპიჩმენტით ოცნებამ აჩვენა, რომ მხარს არ უჭერს EU-ში გაწევრიანებას" - ევროპარლამენტარები

საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად, ევროპარლამენტარები ერთობლივ წერილს აქვეყნებენ და ქართული ოცნების ხელისუფლების ქმედებებს არაკონსტიტუციურს უწოდებენ. ევროპარლამენტარების თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატივა "კარგად მომზადებული შეტევაა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ მისი ძლიერი პროევროპული პოზიციის გამო".

ერთობლივ წერილში, რომელსაც ხელს ევროპარლამენტარები - ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, მირიამ ლექსმანი და რასა იუკნევიჩიენე აწერენ აღნიშნულია, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით, ქართულმა ოცნებამ აჩვენა, რომ "მხარს არ უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებას".

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ პარლამენტის წევრებს, მხარი არ დაუჭირონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს და მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა "გამოიკვლიოს მთავრობის ქმედებების კონსტიტუციურობა პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციური პასუხისმგებლობის დაბლოკვისას".

"ყოველგვარი მკაფიო და რაციონალური დასაბუთების გარეშე, საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, მიმდინარე წლის დასაწყისიდან არ მისცეს ოფიციალური თანხმობა პრეზიდენტის ტოტალურ ვიზიტებზე 10 სხვადასხვა დედაქალაქსა და საერთაშორისო ინსტიტუტში, მათ შორის ევროპარლამენტში.

მთავრობის ქმედება, რომ პრეზიდენტის საგარეო ვიზიტებზე თანხმობა არ მისცა, აშკარა მცდელობაა, აეკრძალოს პრეზიდენტს კონსტიტუციური მოვალეობების შესრულება, წარმოადგინოს ქვეყანა და ქართველი ხალხის ნება. მთავრობის ასეთი საქციელი არის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების აშკარა უზურპაცია კონსტიტუციის უხეში დარღვევით - "სახელმწიფო ხელისუფლება განხორციელდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპით".

საქართველოს მთავრობამ და პარტია ქართულმა ოცნებამ საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური მოვალეობების შესრულებაში ხელის შეშლის მცდელობით და რაციონალური დასაბუთების გარეშე, აშკარად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და კონსტიტუციური დემოკრატიის ევროპული პრინციპები.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყებით, საქართველოს მთავრობამ და პარტიამ ქართულმა ოცნებამ აჩვენეს, რომ მათი განცხადებების საწინააღმდეგოდ, მხარს არ უჭერენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს. მთავრობა და მმართველი პარტია საბოტაჟს ახდენენ თავიანთი ქვეყნის შანსებზე, მოიპოვოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს და თავად უნდა შეხვდნენ უნდობლობის გამოცხადებას.

მთავრობის არაკონსტიტუციური საქციელი პრეზიდენტის მიმართ და იმპიჩმენტის ინიციატივა არის კარგად მომზადებული შეტევა მმართველი პარტია ქართული ოცნების მხრიდან სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ მისი ძლიერი პროევროპული პოზიციის გამო.

მოვუწოდებთ ყველა პარლამენტარს, რომელიც გულწრფელად უჭერს მხარს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, მხარი არ დაუჭირონ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტს და მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რათა გამოიკვლიოს მთავრობის ქმედებების კონსტიტუციურობა პრეზიდენტის მიერ მისი კონსტიტუციური პასუხისმგებლობის დაბლოკვისას", - ნათქვამია ევროპარლამენტარების ერთობლივ წერილში.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

სასამართლოს 9 წევრიდან განსხვავებული პოზიცია 3-მა დააფიქსირა - ირინე იმერლიშვილმა, გიორგი კვერენჩხილაძემ და თეიმურაზ ტუღუშმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა 5 ოქტომბერს დაასრულა. პლენუმი სამი დღის განმავლობაში უსმენდა მხარეებს.

სხდომებს არ დასწრებია პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მის ინტერესებს სასამართლოზე იცავდნენ თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი და ქართული ოცნების ყოფილი წევრი, და მაია კოპალეიშვილი - საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

წარდგინების ავტორების მხრიდან სხდომაზე მომხსენებლები იყვნენ ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

პირველ სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. მიზეზად პარტიაში მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტის ევროპაში გამგზავრება დაასახელეს, რითაც მან "უხეშად დაარღვია კონსტიტუცია".

30 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპაში ვიზიტის პარალელურად განცხადება გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მას ყველა მოთხოვნილ ვიზიტზე უარი უთხრეს, მათ შორის, უკრაინაში.

№1797 კონსტიტუციურ წარდგინებაში განხილვის საგანს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის შესაძლო დარღვევა, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების გამო, რაც გამოიხატა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით და ოფიციალურ პირებთან სამუშაო შეხვედრებისა და მოლაპარაკებების გამართვით.

კერძოდ, საუბარია სამ სამუშაო ვიზიტზე: 2023 წლის 31 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტთან, 2023 წლის 1 სექტემბერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან და 2023 წლის 6 სექტემბერს საფრანგეთის პრეზიდენტთან.