იმედის ჟურნალისტებისთვის საქმიანობის ხელშეშლის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჟურნალისტების მიმართ შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა და მათ მუშაობაში ხელს უშლიდნენ.
გარდა ამისა, ძალადობისა და თავდასხმის ობიექტები გახდნენ სხვა ჟურნალისტები, თუმცა ამ შემთხვევაში სამართალდამცავების მხრიდან.
საგამოძიებო სამსახურმა გამოკითხვაზე დაიბარა პუბლიკას ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელსაც სამართალდამცავებმა 16 აპრილს სცემეს. სამართალდამცველებმა მას წაართვეს ტელეფონიც, თუმცა შემდეგ უკან დაუბრუნეს. ამავე აქციაზე სცემეს აპრილის და ტაბულას ჟურნალისტებიც. გიორგი ბასხაჯაურს სახეზე დაზიანებები აქვს მიღებული.
უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს მასშტაბით მოქალაქეები რუსული კანონის განხილვას აპროტესტებენ. ყველაზე მრავალრიცხოვანი აქციები მიმდინარეობდა თბილისში.
პარლამენტში კანონპროექტის განხილვის პარალელურად მოქალაქეები საკანონმდებლო ორგანოსთან იკრიბებოდნენ და კანონპროექტის გაწვევას მოითხოვდნენ. საღამოს კი მრავალათასიანი აქცია რუსთაველის გამზირზე იმართებოდა. კიდევ ერთი აქციაა დაგეგმილი 19 აპრილს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პირველი რამდენიმე აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. როგორც მოქალაქეები ყვებიან, პოლიციელები მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ.