
ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ორშაბათს, 2 ივნისს, მთელი დღის განმავლობაში გაფიცულები იქნებიან. ისინი ლექტორ-მასწავლებლებსა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს მოუწოდებენ, შეუერთდნენ.
"ორშაბათს მთელი დღის განმავლობაში ვიფიცებით ილიაუნის სტუდენტები! მოვუწოდებთ ჩვენს ლექტორ-მასწავლებლებსა და სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს, შემოგვიერთდნენ!
დღის თორმეტი საათიდან ჩვენ ვიქნებით ილიაუნის ა კორპუსის წინ და ველოდებით ყველას, ვისაც დაკავებული სტუდენტებისთვის სოლიდარობის გამოცხადებისა და გამხნევების სურვილი გაქვთ!
ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!", - ვკითხულობთ განცხადებაში.
არალეგიტიმური პარლამენტის დეპუტატის, მარიამ ლაშხის საჩივრის საფუძველზე აქტივისტს, თათია აფრიამაშვილს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. ამავე საქმეზე ლიკა ლორთქიფანიძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, მაგდა მამუკაშვილს კი 4 000-ლარიანი ჯარიმა.
შემთხვევა 17 მაისს მოხდა. 3 აქტივისტს მარიამ ლაშხმა უჩივლა. მისი მტკიცებით, აქტივისტებმა მას შეურაცხყოფა მიაყენეს.