ილიაუნი: ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ამყარებს ეჭვს, რომ დამოუკიდებლად არ მოქმედებდა

ილიაუნი: ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება ამყარებს ეჭვს, რომ დამოუკიდებლად არ მოქმედებდა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებით, ავტორიზაციის საბჭოს მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილება ამყარებს ეჭვს, რომ ის დამოუკიდებლად არ მოქმედებდა. მანამდე, ავტორიზაციის საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია 1 წლის შემდეგ მონიტორინგის ვალდებულებით მიანიჭა.

როგორც ილიაუნის განცხადებაშია ნათქვამი, ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

"გუშინ გვიან საღამოს გამოქვეყნდა ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება და ოქმი, რომლის მიხედვით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა ავტორიზაცია სრულიად ბუნდოვანი, ავტორიზაციის დებულებასთან აცდენილი ჩანაწერით. ერთი მხრივ, 26 სექტემბრის საბჭოს მიმდინარეობისას სრულად დარღვეული პროცედურები და, მეორე მხრივ, გამოქვეყნებული გადაწყვეტილება, რომელიც შეუსაბამოა ავტორიზაციის დებულებასთან, ამასთანავე, წინააღმდეგობრივია ზეპირი მოსმენისას გამოცხადებულ გადაწყვეტილებასთან, კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ საბჭო არ მოქმედებდა დამოუკიდებლად. აშკარაა, რომ დაუსაბუთებელი და წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებით საბჭომ დიდი ზიანი მიაყენა არა მხოლოდ უნივერსიტეტს, არამედ ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემის რეპუტაციასაც.

ილიას უნივერსიტეტის აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრები უახლოეს ხანში მოამზადებენ ამ აბსურდული გადაწყვეტილების ანალიზს და ხუთშაბათს, 17 ოქტომბერს, საუნივერსიტეტო საზოგადოების ჩართულობით მოაწყობენ ღია განხილვას. ილიაუნი დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს საბჭოს გადაწყვეტილებას; ამასთანავე, გამოიყენებს აპელაციის ყველა იმ მექანიზმს, რომლებიც განსაზღვრულია საუნივერსიტეტო ხარისხის კონტროლის საერთაშორისო ასოციაციების სტანდარტებით", - წერია განცხადებაში.

***

ფორმულასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთი ცოტნიაშვილმა თქვა, რომ გადაწყვეტილება საბჭომ ექსპერტების დადებითი დასკვნის მიუხედავად მიიღო. მან განმარტა, რომ საბჭოზე განხილვის დროს ექსპერტთა დასკვნაზე კითხვები დაისვა, თუმცა არ გამოვლინდა დამატებითი გარემოება ან დარღვევა, რის საფუძველზეც საბჭოს ექსპერტთა შეფასების შეცვლა შეეძლო.

ქეთი ცოტნიაშვილის თქმით, საბჭოსგან ვერ მიიღეს პასუხი, რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება და რომელ სტანდარტში ჩამოაკლდა უნივერსიტეტს შეფასებები. აღნიშნავს, რომ კითხვაზე, რის საფუძველზე გაკეთდება მონიტორინგი, საბჭოსგან მიიღეს პასუხი, რომ ყველაფერი იქნება ასახული სხდომის ოქმში, რომელიც 2 კვირის ვადაში გამოქვეყნდება.