ილიას უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას გეგმავს

ილიას უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და გასაჩივრებას გეგმავს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის საბჭოს მიერ ავტორიზაციის 1 წლის შემდეგ მონიტორინგის ვალდებულებით მინიჭების გასაჩივრებას გეგმავს.

როგორც უნივერსიტეტის განცხადებაშია აღნიშნული, უნივერსიტეტი საბჭოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას დოკუმენტაციის მიღებისთანავე აპირებს.

"ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა ქართველი და უცხოელი ექსპერტების შემადგენლობით შეაფასა 2024 წლის ივნისში. ექსპერტთა დასკვნით, ილიას უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები, და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.

ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას. ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარმოდგენისთვის საბჭოს 10 სამუშაო დღე აქვს", - წერია განცხადებაში.

***

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაციის საბჭომ ავტორიზაცია 1 წლის შემდეგ მონიტორინგის ვალდებულებით მიანიჭა. ამაზე ფორმულასთან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთი ცოტნიაშვილმა ისაუბრა და თქვა, რომ გადაწყვეტილება საბჭომ ექსპერტების დადებითი დასკვნის მიუხედავად მიიღო.

ის განმარტავს, რომ საბჭოზე განხილვის დროს ექსპერტთა დასკვნაზე კითხვები დაისვა, თუმცა არ გამოვლინდა დამატებითი გარემოება ან დარღვევა, რის საფუძველზეც საბჭოს ექსპერტთა შეფასების შეცვლა შეეძლო.

ქეთი ცოტნიაშვილის თქმით, საბჭოსგან ვერ მიიღეს პასუხი, რას ეფუძნებოდა ეს გადაწყვეტილება და რომელ სტანდარტში ჩამოაკლდა უნივერსიტეტს შეფასებები. აღნიშნავს, რომ კითხვაზე, რის საფუძველზე გაკეთდება მონიტორინგი, საბჭოსგან მიიღეს პასუხი, რომ ყველაფერი იქნება ასახული სხდომის ოქმში, რომელიც 2 კვირის ვადაში გამოქვეყნდება.