ილია II სტატუსზე: ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია

ილია II სტატუსზე: ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგია

საპატრიარქო ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით ილია მეორეს განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ეს გადაწყვეტილება "ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია".

"გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისიამ დადებითად შეაფასა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები და რეკომენდაცია გასცა ევროპული საბჭოს წინაშე, რათა ჩვენმა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

წლების განმავლობაში ევროკომისართა და ევროკავშირის სხვა წარმომადგენელთა მხრიდან ყოველთვის ხაზი ესმებოდა იმას, რომ საქართველოს უნიკალური კულტურა ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილია და, რომ ჩვენი ქვეყნის ქრისტიანული ტრადიციების, სულიერი ფასეულობებისა და, ზოგადად, მისი უძველესი კულტურის შენარჩუნება და განვითარება თავად ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანია.

ამიტომაც, ჩვენ იმთავითვე ვუჭერდით მხარს ევროინტეგრაციას და ვიმედოვნებთ, ჩვენი ქვეყანაც ღირებულ წვლილს შეიტანს ამ დიდი ევროპული ოჯახის შემდგომ წინსვლაში.

ეს გადაწყვეტილება არის ჩვენი ხალხისა და ხელისუფლების ძალისხმევით მიღწეული შედეგი და ყველას ვულოცავთ ამ წარმატებას", - ნათქვამია განცხადებაში.

***

8 ნოემბერს ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიშის წარდგენისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა ხაზი გაუსვა საქართველოში გარკვეული რეფორმების გატარების აუცილებლობას.

დეკემბერში, სამიტზე გახდება ცნობილი, მიენიჭება თუ არა საქართველოს ოფიციალურად კანდიდატის სტატუსი.