ისრაელის პოლიციის განცხადებით, დღეს იერუსალიმის შესასვლელთან ორმა პალესტინელმა ავტობუსის მიმართულებით ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და რვა დაიჭრა.
"ტერორისტები შემთხვევის ადგილზე დილით მანქანით მივიდნენ, შეიარაღებულნი იყვნენ M-16-ის იარაღით", - განაცხადეს პოლიციაში.
მათივე ინფორმაციით, თავდამსხმელები ადგილზე მოკლეს. პოლიციის ცნობით, თავდამსხმელები აღმოსავლეთ იერუსალიმიდან ჩამოვიდნენ და ისინი შეაჩერეს მოქალაქეებმა და ჯარისკაცებმა, რომლებიც იმ დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდნენ.
Reuters წერს, რომ კამერებით არის დაფიქსირებული რომ ავტობუსის ხალხმრავალ გაჩერებასთან თეთრი მანქანა გაჩერდა, შემდეგ შეიარაღებული ორი კაცი გადმოვიდა და ხალხისკენ გაიქცა.
"ეს თავდასხმა კიდევ ერთი დასტურია ჩვენი ვალდებულებისა, გავაგრძელოთ ბრძოლა მკვლელი ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს", - დაწერა ბენი განცმა, ისრაელის სამხედრო კაბინეტის წევრმა.