გერმანული იარაღის მწარმოებელი კომპანია Rheinmetall მზადაა უკრაინისთვის წელიწადში 600 000 ჭურვი აწარმოოს, განუცხადა კონცერნის ხელმძღვანელმა არმინ პაპერგერმა გაზეთ Handelsblatt-ს.
ევროკავშირი უკრაინას წელიწადში მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდებას დაჰპირდა. ევროკომისარი ინდუსტრიის საკითხებში ტიერი ბრეტონი აცხადებს, რომ დავალება სწრაფად უნდა შესრულდეს, რადგან ინტენსიური ბრძოლები გრძელდება და უკრაინის არმიას შესაძლოა ამოეწუროს საბრძოლო მასალა.
გამოცემის ცნობით, ევროპული ქვეყნებისთვის ჭურვების წარმოების გაზრდა ადვილი არ არის, ვინაიდან ცივი ომის დასრულების შემდეგ შეიარაღების კომპანიებმა შესაბამისი სიმძლავრე შეამცირეს.
წარმოების აღსადგენად ევროკავშირი 500 მილიონ ევროს გამოყოფს, 500 მილიონს კი ევროკავშირის ცალკეული ქვეყნები გასცემენ. მოგვიანებით დაგეგმილია კიდევ 1 მილიარდი ევროს დახარჯვა საბრძოლო მასალის წარმოებაზე.
ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ უკრაინისთვის საარტილერიო საბრძოლო მასალის მიწოდების ეს სქემა საბოლოოდ შეთანხმებულია.
ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ თანხები მოხმარდება 155 მილიმეტრიანი ჭურვების და, საჭიროების შემთხვევაში, რაკეტების წარმოებას.