ჰერჩინსკი "უხამსობის" შესახებ კანონზე: კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი უნდა იყოს

ჰერჩინსკი "უხამსობის" შესახებ კანონზე: კომუნიკაციების კომისია დამოუკიდებელი უნდა იყოს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საქართველოში მაუწყებლის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, კერძოდ "სიძულვილის ენაზე" სადავო ცვლილებებს ეხმაურება.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომისიის როლი და ამასთან, ის უნდა იყოს სრულად დამოუკიდებელი.

"სიტყვისა და მედიის თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რომელზეც ევროკავშირია აგებული. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი დირექტივა, რომელიც ეროვნული კანონმდებლობის შემუშავებას გულისხმობს. არსებითია ორი საკითხი, რაც ეხება არასრულწლოვნებსა და სიძულვილის ენას.

კანონი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, აკმაყოფილებს ამ სტანდარტებს, თუმცა არის სხვა ელემენტებიც, რაც იქ შედის, მათ შორის უხამსობის რეგულირება. ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაციების კომისიის როლი. ეს ინსტიტუტი უნდა გაძლიერდეს და იყოს სრულად დამოუკიდებელი", - ამბობს ჰერჩინსკი.

***

პარლამენტმა "სიძულვილის ენაზე" სადავო ცვლილებები 19 ოქტომბერს, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის "სიძულვილის ენისა" და "უხამსობის" რეგულირების კუთხით კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებებს აფართოვებს.

პარლამენტი კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილა.

განმარტებით ბარათში აღნიშნული იყო, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონის 552-ე მუხლი ითვალისწინებს მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას. დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება კი, შესაძლოა, განხორციელდეს მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის არსებული თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში. ცვლილების თანახმად, 552-ე მუხლის დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომისიაში გასაჩივრება იქნება შესაძლებელი.

კერძოდ, მედიასაშუალებებს, რომლებიც "დაარღვევენ მოთხოვნებს" და გაფრთხილებას მიიღებენ, ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის თანხა იზრდება.

17 ოქტომბერს მედიის ადვოკატირების კოალიციამ გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ მარეგულირებლის ხელში დამატებითი ძალაუფლების კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით შეშფოთების სრულიად ლეგიტიმური საფუძველი აქვთ.