ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ ევროკავშირს სურს, საქართველოს გაწევრიანების შესაძლებლობა მისცეს. თუმცა მისი თქმით, საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროკავშირის წევრობა.
"ევროკავშირი არის 27 სუვერენული ერის ოჯახი. ჩვენ გვინდა გაფართოება. გვინდა, სხვა ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მივცეთ ამ ოჯახში გაწევრიანების შესაძლებლობა. ახლა საქართველოს გადასაწყვეტია, სურს თუ არა ევროკავშირის წევრობა. რა გადაწყვეტილებაც უნდა მიიღოს საქართველომ, საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ, საქართველოს მოსახლეობამ, ჩვენ ევროკავშირში ამ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. გვესმის, რომ ევროპულ ინტეგრაციას, წევრობას ევროგაერთიანებაში ქართველების 89% უჭერს მხარს. ეს ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია", - ამბობს ჰერჩინსკი.
ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი წარმატებით დასრულდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ეს არის ხანგრძლივი და რთული პროცესი, რომელიც ყველა ქვეყანამ გაიარა იმისთვის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებულიყო.
"ვიცი ისიც, რომ ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციაშია ჩადებული. ჩვენ ვართ აქ, რომ დაგეხმაროთ, ვითანაშრომლოთ და დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს ხელისუფლებას აქვს საჭირო მხარდაჭერა იმისთვის, რომ ეს ოცნება განახორციელოს. თუმცა ახლა ამ ქვის დაძრა ქართველებზეა და იმედი მაქვს, პროცესი გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით, საქართველოს წევრობით ევროკავშირში. ეს იქნება ხანგრძლივი და რთული პროცესი. ესაა გზა, რომელიც გაიარა ყველა ქვეყანამ, რომელთაც სურდათ ევროკავშირში გაწევრიანება. თუმცა, ყველაფერი ქართული პოლიტიკური ელიტის ხელშია.
იმედია, განხორციელდება საკმარისი წინსვლა რეფორმებში, რომ 27-მა წევრმა ქვეყანამ გადადგას შემდეგი ნაბიჯი საქართველოს წევრობისკენ ევროკავშირში, კანდიდატის სტატუსისკენ, რომელიც შეიძლება საქართველომ მიიღოს დეკემბერში. თუმცა ვიმეორებ, ეს იქნება დამოკიდებული პროგრესზე, რომელსაც საქართველო მიაღწევს რეფორმების გზაზე", - აღნიშნა მან.