*თავდაპირველად ფორმულას ვებგვერდზე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება გავრცელდა, სათაურით: "ამჟამინდელი მმართელი პარტიის პირობებში, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს გახდება", რაც შემდგომში შეიცვალა ელჩის სრული ციტატით.
ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ თუ ხელისუფლება ევროკავშირის ძირითად პრინციპებს დაარღევს, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ, საქართველო ევროინტეგრაციის გზას დაუბრუნდება.
"მაშინ, როცა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, ეს ჩემი დიპლომატიური კარიერის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება იყო. ყველაფერი გაკეთდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში იმისთვის, რომ მამაცი უკრაინელი ხალხის გამო, რომლებიც იცავენ არა მხოლოდ მათ ქვეყანას, არამედ ცივილიზებულ მსოფლიოს, კარი გაეღოთ.
მაგრამ, რა მოხდა მას შემდეგ, რაც თქვენ კანდიდატის სტატუსი მიიღეთ? მოსახლეობის უმრავლესობას, ოპოზიციურ პარტიებს სურს ევროკავშირის წევრობა, მაგრამ ხელისუფლება ხალხს ამისგან აშორებს. გადაწყვეტილებები, რომლებიც მთავრობამ მიიღო EU-ს ღირებულებებისგან შორს არის...
[...] საქართველოს შეუძლია ძალიან მალე დაეწიოს ყველა პოლიტიკური პარტიით, რომელიც აცხადებს, რომ უნდათ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი; ქართველების 85-90 პროცენტით, რომელიც ამბობს, რომ უნდა საკუთარი ქვეყანა ნახოს ევროკავშირში; ბრწყინვალე, ძალიან პროფესიონალი და ერთგული ადმინისტრაციით, ხალხით, რომელსაც უყვარს თავისი ქვეყანა, ვისაც უნდა უკეთესი მომავალი საკუთარი შვილებისთვის.
ვფიქრობ, არჩევნების შემდეგ, ძალიან მალე ხელახლა დავიწყებთ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საქმეს და დავეწევით დროს, რომელიც დაიკარგა. როგორც ევროკავშირი, ჩვენ მზად ვართ ვიმუშავოთ საქართველოს ნებისმიერ დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებასთან. მაგრამ თუ ეს ხელისუფლება დაარღვევს ევროკავშირის ძირითად პრინციპებს - თავისუფლებას, დემოკრატიას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, სამწუხაროდ, ძალიან ღიად უნდა გითხრათ - საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება", - თქვა ელჩმა.