ჰამასის მაღალჩინოსანი მუსა აბუ მარზუკი ამბობს, რომ ჰამასმა "თავის მიზნებს მიაღწია" და "ისრაელთან შესაძლო ზავის განხილვისთვის ღიაა". მარზუკმა ეს Aljazeera-სთან საუბრისას თქვა.
შეკითხვაზე, მზად არის თუ არა დაჯგუფება განიხილოს შესაძლო ზავი, მან უპასუხა, რომ ჯგუფი ღიაა "რაღაც ამის მსგავსისა" და "ყველა პოლიტიკური დიალოგისთვის".
გარდა ამისა, ის ამბობს, რომ ჰამასმა ისრაელიდან ათობით ორმაგი მოქალაქეობის მქონე ადამიანი დაატყვევა, მათ შორის, რუსები და ჩინელები.
7 ოქტომბერს ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა გაუშვეს. ქვეყნის მასშტაბით განგაშის სირენები ამოქმედდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინურმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და თქვა, რომ 20 წუთში 5 000 რაკეტა გამოიყენეს.
გავრცელებულ შეტყობინებაში, ჰამასის სამხედრო მეთაურმა, მოჰამედ დეიფმა ამას ოპერაცია "ალ-აკსას წარღვნა" უწოდა და პალესტინელებს შეერთებისკენ მოუწოდა.
ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ჰამასის წინააღმდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელეს - მათ სამხედროების მობილიზება დაიწყეს და "საომარი მდგომარეობის" შესახებ გაფრთხილება გამოაცხადეს.
ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამას ომი უწოდა - მისი თქმით, წინ ხანგრძლივი ბრძოლა ელით, თუმცა ისრაელი ომს მოიგებს, ხოლო ჰამასი პასუხს აგებს ამ ქმედებებისთვის.