
მათეს მივმართავ და ყველა რეჟიმის პატიმარს, რომელიც დღეს ნიკასთან ერთად ამ უსამართლობისთვის იბრძვის. მივმართავ ჩემს მეგობარ საბა სხვიტარიძეს, ნიკა კაციას და ყველა იმ რეჟიმის პატიმარს, რომელსაც პირადად არ ვიცნობ. მე მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ყველა, ყველა რეჟიმის პატიმარი, ყველა პოლიტპატიმარი დღეს საქართველოში არიან ის რწმენა, რომელიც არ დანებდა, როდესაც ქვეყანა მდუმარედ ეშვება უფსკრულში. მინდა მათეს ვუთხრა, რომ ის თვითონ არის სინათლე და მას არანაირი სინათლის ძიება არ მოუწევს, არსად.
მინდა ვუთხრა, რომ ის და ყველა რეჟიმის პატიმარი დღეს არიან სინათლე თავისუფლების, სწორედ ამისთვის იბრძვის ნიკა უკვე 13 წელია. ამ 13 წლის განმავლობაში მეოთხედ დააკავეს უკვე. პირველი ის იყო 2013 წელს, რუსული ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვინც დააკავეს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნიკას დაკავება იქნება ბოლო და აღსრულდება სამართალი და ის ბიჭები, რეჟიმის პატიმრები, ჩვენს შვილებთან, მშობლებთან ერთად შეძლებენ, ანათონ საკუთარ მიწაზე და ანათონ თავისუფლად. [,..]
სინათლეს ბორკილით ვერ დააკავებ, არ აქვს მნიშვნელობა, სად ვიქნებით, ციხეში, გარეთ, საზღვარგარეთ თუ საქართველოში, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ ნიკასთან და სხვა პატიმრებთან, იმ ადამიანებთან ერთად, რომლებსაც ეს უნდათ.
თქვა ნიკა გვარამიას ცოლმა, სოფო ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამია დააკავეს.
მას შემდეგ, რაც მოსამართლემ თეა წულუკიანის კომისიაზე არმისვლის საქმეზე გირაო პატიმრობით შეცვალა, ნიკა გვარამია რუსთავის ციხესთან მივიდა და განაჩენის აღსრულებას იქ ელოდებოდა.