გვარამია: ნავალნის ტრაგედია უნდა გვკარნახობდეს, რომ პოლიტპატიმრის ციხეში ყოლა საშიშროებაა

გვარამია: ნავალნის ტრაგედია უნდა გვკარნახობდეს, რომ პოლიტპატიმრის ციხეში ყოლა საშიშროებაა

მთავარი არხის დამფუძნებელი ნიკა გვარამია რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის რუსეთის ციხეში დაღუპვას ეხმაურება და წერს, რომ ეს ტრაგედია "უნდა გვკარნახობდეს, რომ პოლიტპატიმრების ციხეში ყოლა არა მხოლოდ მისი სიცოცხლისთვის რისკის, არამედ სახელმწიფოსთვის კატასტროფის საშიშროების შექმნაა".

ამ კონტექსტში ნიკა გვარამია პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, მიხეილ სააკაშვილზეც საუბრობს და ამბობს, რომ "რაც სწრაფად შეხედავს ამ კუთხით სალომე ზურაბიშვილი პოლიტპატიმრობას და შეიწყალებს მას, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის".

"ნავალნის ტრაგედია მაინც უნდა გვკარნახობდეს იმას, რომ პოლიტპატიმრის ციხეში ყოლა არა მარტო მისი სიცოცხლისთვის რისკის შექმნაა, არამედ და კიდევ უფრო მეტად და მნიშვნელოვნად, საკუთარი სახელმწიფოსთვის უდიდესი და ჩამოუწმენდავი კატასტროფის საშიშროების შექმნა.

სალომე ზურაბიშვილი რაც სწრაფად შეხედავს ამ კუთხით სააკაშვილის პოლიტპატიმრობას და შეიწყალებს მას, მით უკეთესი მისთვისაც, სააკაშვილისთვისაც და, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის", - წერს ნიკა გვარამია.

***

რუსეთის სასჯელაღსრულების რეგიონული სამმართველო იუწყება, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.

ნავალნი 47 წლის იყო.

უწყებაში ამტკიცებენ, რომ ყველა საჭირო რეანიმაციული ღონისძიება ჩატარდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს: "გარდაცვალების მიზეზი დგინდება".

კრემლის პროპაგანდისტული RT ირწმუნება, რომ ნავალნის გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა თრომბია.

დეკემბერში ალექსეი ნავალნი განსაკუთრებული რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს, რომ პოლარული წრის მიღმა მდებარეობს.

ალექსეი ნავალნი 2021 წელს დააკავეს, როდესაც გერმანიიდან რუსეთში დაბრუნდა, სადაც მოწამვლის შემდეგ მკურნალობას გადიოდა. მაშინ ივ როშეს საქმეზე პოლიტიკოსს პირობითი მსჯავრი რეალურით შეუცვალეს.

2022 წელს სასამართლომ ნავალნის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და ის თაღლითობაში დაადანაშაულა. 2023 წლის აგვისტოს ე.წ. ექსტრემიზმის საქმეზე ნავალნის 19 წელი მიუსაჯეს. თავდაპირველად ნავალნი ვლადიმირის ოლქის ციხეში იმყოფებოდა. გასული წლის დეკემბერში კი მისი ეტაპირება მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდა.

ეატპირების პერიოდში ალექსეი ნავალნის თანამოაზრეები და ადვოკატები 20 დღის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, 25 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ ახალ ციხეში გადაიყვანეს.

3 კოლონიაში, რომელსაც "პოლარულ მგელსაც" უწოდებენ და სადაც ახლა ნავალნი იყო მოთავსებული, იმყოფებოდნენ YUKOS-ის ერთ-ერთი თანამფლობელი პლატონ ლებედევი, ასევე უკრაინელი რეჟისორი და აქტივისტი ოლეგ სენცოვი.

აღნიშნულ ციხეში პირობები საკმაოდ მკაცრია, მისვლაც საკმაოდ რთულია და წერილების მიწოდებაც გართულებულია.