მთავარი არხის პატიმრობაში მყოფი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ტელეკომპანიის ჟურნალისტ ბექა ყორშიას სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს, გაატარონ ყველა ზომა ყორშიას უსაფრთხოების დასაცავად.
გვარამიას თქმით, ბექა ყორშია არის მუქარების ობიექტი და საქართველოში არსებული უამრავი პრეცედენტის გათვალისწინებით, შეუძლებელია მის მიმართ ანგარიშსწორების რისკების უყურადღებოდ დატოვება.
"ბექა ყორშიას სიუჟეტი, შეიძლება ითქვას, ანატომიური თეატრია. ბექამ სისტემა საჯაროდ გაკვეთა და მისი შიგნეულობა ამოალაგა. არაფერი სხვა: არც გამოკვლევა, გამოძიება, არც ინტერპრეტაცია, არც შეფასება, მხოლოდ სისტემის თვითაღიარება: ვერ მოედავები, ვერსაიდან შემოუვლი, მიკერძოებულობას ვერ დააბრალებ. ამიტომაცაა სისტემის ანატომიის ამსახველი ეს 10 წუთი. ალბათ, ყველაზე შთამბეჭდავი, ზუსტი და ადვილად აღსაქმელი მხილება. ამიტომაც არის ეს 10 წუთი, ალბათ, გაცილებით საშიში სისტემისთვის, ვიდრე შეფასებების, გამოძიებების, ახსნა-განმარტებების, მსჯელობებისა და რთული კონსტრუქციების საათები, დღეები, თვეები და, შესაძლოა, წლებიც. ამიტომაც არის ახალგაზრდა, ღრმად განათლებული, ფასეულობების ერთგული, ორიგინალურად მოაზროვნე გამბედავი პატრიოტების ადგილი იქ, სადაც ამ ქვეყნის მომავლის საკითხები წყდება - იქნება ეს მედია, პოლიტიკა, სამოქალაქო საზოგადოება თუ სხვა.
ბექა ყორშია, ვამაყობ შენით, მიყვარხარ და გგულშემატკივრობ ყველა შენს წამოწყებაში.
აქვე, მივმართავ ყველას, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოების ჩათვლით, ასევე, სახალხო დამცველს (მისი არაადეკვატური და მისსავე მანდატს აცდენილი შეფასების მიუხედავად): ჟურნალისტი ბექა ყორშია არის მუქარების ობიექტი და საქართველოში არსებული უამრავი პრეცედენტის გათვალისწინებით, შეუძლებელია მის მიმართ ანგარიშსწორების რისკების უყურადღებოდ დატოვება. მოგიწოდებთ, გაატაროთ თქვენს ხელთ არსებული ყველა ზომა ჟურნალისტის უსაფრთხოების დასაცავად. ვითარებაზე პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე სრულად ეკისრება ხელისუფლებას. საზოგადოებასაც მინდა ვთხოვო ყურადღება და მხარდაჭერა ამ მიმართულებით"- წერს გვარამია.
მთავარი არხის ჟურნალისტი ბექა ყორშია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს როინ მეტრეველს დაუკავშირდა და გაეცნო, როგორც პრემიერმინისტრის აპარატის მრჩეველი აკა მამაცაშვილი. მან მეტრეველს არაფორმალური სახით პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.
მეტრეველმა ყორშიას უპასუხა, რომ აკადემია "სრულფასოვნად უჭერს" მხარს ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭებას და უთხრა, რომ "ეს მოხერხდება". ყორშიას მეტრეველმა უთხრა, რომ მომავალ კვირას 5 წუთით შეხვედრა შემდგარიყო მასსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის "უბრალოდ დაფიქსირებისთვის", რაც მისივე თქმით, "საჭირო იყო საქმისთვის".
მთავარი არხის ჟურნალისტის სიუჟეტს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც გამოეხმაურა და გააკრიტიკა.
სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტმა ბექა ყორშიამ თქვა, რომ როინ მეტრეველის შვილიშვილებმა "ყველას დაურეკეს, რომ სიუჟეტი ლაივშივე შეწყვეტილიყო და ეთერში არ გასულიყო".
ყორშიას თქმით, მუქარებით მისი შეშინება შეუძლებელია და "არც რომელიმე საელჩოში მისვლას და ქვეყნიდან პოლიტიკური დევნის გამო გაქცევას არ აპირებს".