გვარამია: აქამდე ვადგენთ ზურაბ ჯაფარიძის ადგილსამყოფელს

გვარამია: აქამდე ვადგენთ ზურაბ ჯაფარიძის ადგილსამყოფელს

კოალიცია ცვლილებისთვის ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, დაკავების შემდეგ ზურაბ ჯაფარიძის ადგილსამყოფელს ამ დრომდე ადგენენ. მისივე თქმით, იმოქმედებენ ისე, როგორც ჩვეულებრივ, პარტია თავისი ლიდერის დაკავების შემთხვევაში მოიქცეოდა.

გვარამია წერს, რომ კოალიციაში სიმტკიცეს ინარჩუენებენ და ცდილობენ, დაეხმარონ ყველა დაკავებულ პატრიოტს.

"ყველამ გაიგეთ, ალბათ, რომ უამრავ სხვადასხვა ასაკის პატრიოტთან ერთად, ჩვენი ლიდერი ზურა ჯაფარიძეც დააკავეს. აქამდე ვადგენთ მის ადგილსამყოფელს. კოალიცია ამაზე განცხადებას გავაკეთებთ და იმგვარად ვიმოქმედებთ, როგორც ჩვეულებრივ მოიქცეოდა პარტია მისი ლიდერის დაკავების შემთხვევაში.

მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ყველა პოლიტიკოსმა ვიცით, რა ბრძოლაშიც ვართ ყველანი ჩართული და ვის ვებრძვით. ამიტომაც, ყველანი მზად ვართ, მათ შორის, დაკავებისთვის და ნებისმიერი სხვა ფორმის უკანონობისთვის. ცხადია, ასეა ზურაც.

კოალიციაში ვინარჩუნებთ სიმტკიცეს და ვცდილობთ დავეხმაროთ ყველა დაკავებულ პატრიოტს. ანუ ვიქცევით ისე, როგორც თავად ზურა იქცევა ამგვარ ვითარებებში.

ყველაფერი კარგად იქნება! საქართველო გაიმარჯვებს",- წერს გვარამია.

პოლიციელებმა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე დააკავეს. ამ დროისთვის, დაკავების მიზეზი უცნობია.

ამასთან, აქციის მონაწილეების ნაწილს, რომელმაც რუსთაველიდან ჭავჭავაძის გამზირისკენ გადაინაცვლა და ვაკის პარკის მიმართულებით მსვლელობას მართავდა, პოლიცია ძალის გამოყენებით აკავებდა.