გუშინდელ აქციაზე დაკავებული პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს

გუშინდელ აქციაზე დაკავებული პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს

სახალხო დამცველის აპარატში ადასტურებენ, რომ 15 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი ადამიანი პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე საუბრობს.

ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

დღეს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული 10 პირი მოინახულეს.

"სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს აქციების მონიტორინგს და მანდატის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას ადამიანის უფლებადარღვევის ყველა ფაქტზე", - აცხადებენ ომბუდსმენის აპარატში.

***

15 აპრილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს I მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონის განხილვა ხმაურისა და დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობდა. განხილვის პარალელურად პარლამენტის უკანა შესასვლელთან აქცია მიმდინარეობდა.

19:00 საათიდან აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. მშვიდობიანი პროტესტის ფონზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 14 ადამიანი დააკავეს.

ადგილზე ადგილზე მობილიზებული იყო სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა. ჩართეს სპეციალური გამაფრთხილებელი სიგნალიც.

***

დაპირების მიუხედავად ერთი წლის თავზე ქართული ოცნება ე.წ. უცხო აგენტების შესახებ რუსულ კანონს განსახილველად აბრუნებს და მის მიღებას მეორედ ეცდება. 3 აპრილს ინიციირებული კანონპროექტი იდენტურია შარშანდელი კანონპროექტისა, რომლის განხილვებსაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა. ფორმალური განსხვავებაა მხოლოდ ტერმინში - ახალ ვერსიაში "უცხოური გავლენის აგენტი" შეცვლილია "უცხოური ძალის ინტერესების გამტარბელით".

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ამტკიცებს, რომ ამ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსეთთან, მან დასავლელი პოლიტიკოსების კრიტიკა უკვე დაიმსახურა.