გონჩარენკო: ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა, EU-მა და აშშ-მა მას სანქციები უნდა დაუწესონ

გონჩარენკო: ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა, EU-მა და აშშ-მა მას სანქციები უნდა დაუწესონ

უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

"ივანიშვილმა ნიღაბი ჩამოიხსნა. ის აღარ მოაჩვენებს თავს ქართულ ოცნებად, ის არის კრემლის ოცნება იმის შესახებ, რომ საქართველო ბელარუსი გახდეს და მხოლოდ ქართულ საზოგადოებას შეუძლია ამის შეჩერება. ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა დაუყოვნებლივ უნდა დაუწესონ სანქციები მას და მის გარემოცვას. უკვე გვიანია, მაგრამ მაინც", - წერს გონჩარენკო სოციალურ ქსელში.

გუშინ ივანიშვილს ქართული ოცნების კონტრაქციაზე სიტყვით გამოსვლისას ანტიდასავლური გზავნილები ჰქონდა.

მან მმართველი გუნდის რიტორიკა გაიმეორა და კვლავ "გლობალური ომის პარტიაზე" ისაუბრა. ამასთან, ივანიშვილმა თქვა, რომ "გლობალური ომის პარტია NATO-ზეც და EU-ზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს".

ივანიშვილმა ასევე ისაუბრა რუსული კანონის ხელახლა ინიციირების მიზეზებზე. მან ამ საკითხების "საკანონმდებლო მოწესრიგების მნიშვნელობასა" და ოპოზიციის "დასუსტებაზე" ისაუბრა და ამტკიცა, რომ კანონის მისაღებად დრო "იდეალურად" შეარჩიეს.