"ყველა შემომსვლელზე ხომ არ შეიძლება ფეისბუქში და ტიკტოკში ეძებონ, სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია", - ასე პასუხობს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსეთის არმიის წევრის საქართველოში ყოფნაზე კითხვას.
მისი თქმით, თუ ანა ლაბოკას კანონი დარღვეული აქვს, მას დააჯარიმებენ.
"ამ ქალბატონის გვარი ახლა პირველად გავიგე, არ ვიცი, თუ დარღვეული აქვს, პასპორტში თუ ჩარტყმული აქვს ხოლმე, იქიდან გამომდინარე ჯარიმდებიან ხოლმე, ან ქვეყანაში არ უშვებენ, ან ჯარიმდებიან, როგორც კანონია.
პატრულის თანამშრომელმა იცის, არმიის წევრი ვინ არის რუსეთში, ან, რა ვიცი, მთელ მსოფლიოში? ყველა შემომსვლელზე ხომ არ შეიძლება ფეისბუქში ეძებონ და ტიკ-ტოკში ეძებონ, სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, აქედან გამომდინარე, თუ პასპორტში ჩარტყმული აქვს და დარღვეული აქვს, რა თქმა უნდა, დააჯარიმებენ", - აცხადებს გომელაური.
ფორმულას ინფორმაციით, საქართველოში რუსეთის არმიის წევრი, ანა ლაკობა იმყოფება.
რუსმა სამხედრომ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში განათავსა. ამასთან, მას ტიკტოკზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში გადაღებული ვიდეოებიც უდევს.
როგორც უკრაინაში ქართველმა მებრძოლმა, ვანო ნადირაძემ ფორმულას განუცხადა, ანა ლაკობა ახლა ბათუმში იმყოფება და გაუგებარია, რატომ შემოუშვეს ის საზღვარზე - ანა ლაკობას ოკუპაციის შესახებ კანონი აქვს დარღვეული.
"არც ერიდება სოციალურ ქსელებში, თბილისის სხვადასხვა უბნიდან გადაღებული ფოტოები გამოფინოს. ამ წუთისთვის, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს ქალი იმყოფება ბათუმში. მაგრამ ხელისუფლებისგან რეაგირება არ არის. სამაგიეროდ უკრაინიდან სამხედრო რომ წამოვა, აეროპორტში აჩერებენ, დაკითხავენ და ასე შემდეგ. განსხვავებას ხედავთ - როგორია დამოკიდებულება ოკუპანტის მიმართ და როგორია ქართველების მიმართ", - თქვა ნადირაძემ.