გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ვადაგასული და ტოქსიკურია

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ვადაგასული და ტოქსიკურია

სიტუტუცემდე და სიბრიყვემდე მისული გულწრფელობა.

იმდენად უტიფარი, რომ არათუ მის მოწინააღმდეგეს, "ადმინისტრაციული რესურსის" იარლიყ აკრულ მის შემორჩენილ მხარდამჭერსაც არ სჯერა.

ოცნების იდეოლოგიური წინაპრების, ბოლშევიკებისა არ იყოს - მიზანი "დიადია და ნათელი" - მეგობრებმა დასავლეთიდან, ანუ ცივილიზაციამ ზურგი გვაქციოს. ჩვენი, როგორც უძველესი ისტორიის მქონე, თავისუფლებისმოყვარე, კულტურული ერის დემოკრატიული მომავლის რწმენა დაიკარგოს.

ქვეყნის შიგნით, ქართველი ახალგაზრდისთვის მოსპონ მოტივაცია, გაუცხოებულ, გარუსებულ ქვეყანაში პროფესიული წინსვლის, ოჯახის შექმნის, შვილების გაჩენისა და მათ თავისუფალ, ღირსეულ გარემოში აღზრდის.

კიდევ ერთხელ დავაკვირდეთ ყველაზე სანდო კვლევის შედეგის ერთ ნაწილს: 18-დან 35 წლამდე საარჩევნო უფლების მქონე ახალგაზრდობის 80 % ივანიშვილის რუსული, პროვინციული ავტორიტარიზმის და ქვეყნის იზოლაციის, შესაბამისად ოცნების წინააღმდეგია.

არც ზედა ასაკობრივ ჯგუფებში აქვს ბიძინას საქმე უკეთესად: აბსოლუტური უმრავლესობა უტიფარი ტყუილების, სიღარიბის, წარსულთან მებრძოლი და მომავლის წამრთმევი, პუტინისგან "პრიანიკის" გამოსატყუებლად სამარცხვინოდ მცოცავი ხელისუფლის მიერ ბოდიშების ხდით უკიდურესად შეურაცხყოფილი და გაბრაზებულია.

თვით სახელისუფლებო ვერტიკალშიც სერიოზული რყევებია, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თუ ძალოვან უწყებებში ზუსტად იციან, რომ ,"მიდის" და "ეფესბეს" ფილიალებად ქცევასთან ერთად, მოღალატის საშვილიშვილო დამღისა და კეთროვანობისთვის იმეტებენ. თან ისე, რომ კალაძისგან და ივანიშვილისგან განსხვავებით, მათ უმრავლესობას, არც დუბაის ბანკებსა თუ კრიპტოვალუტაში აქვთ რამე გადასადებ-გადასამალი.

უყურებენ ოცნების პოლიტიკური ფიგურების ბოდვას და წერა-კითხვის უცოდინარი ხელმძღვანელების მიერ სიმწრით ნაშენი საჯარო სექტორის ჩამოშლას და ერთი სული აქვთ - როდის მოვა 26 ოქტომბერი, როდის მიეცემათ მშვიდობიანი შესაძლებლობა თავი მძევლობიდან გამოიხსნან და დანარჩენ საქართველოსთან ერთად ლპობის ფაზაში გადასული ანტიქართული ავტორიტარიზმის პოლიტიკური უტილიზაცია მოახდინონ, ეს ეროვნული სირცხვილი ისტორიას არჩევნების გზით ჩააბარონ.

განვითარებულ დემოკრატიებში მიღებულია 2 ვადის შემდეგ მმართველი გუნდების ცვლილება. სუსტი ინსტიტუტებისა და სამოქალაქო კულტურის პირობებში ეს ხანგრძლივობა კიდევ უფრო მკაცრ ცირკულაციურ აუცილებლობას ექვემდებარება.

მაგალითად რომ წარმოვიდგინოთ: - პროდუქტი, რომელსაც განსაზღვრული ვადა აქვს და შენახვის პირობებში შესაბამის ტემპერატურას, ანუ მკაცრ სამოქალაქო ზედამხედველობას ითხოვს, ჩვენს სინამდვილეში უკვე დიდი ხნის ვადაგასულია და თან მაცივრის ნაცვლად ნეპოტიზმის და კორუფციის მზის გულზეა გამოდებული. შედეგად - ღალატითა და კორუფციით, პუტინის , "კარმუშკითა" და სხვის უბედურებაზე პარაზიტირებით კი ყვავის და იფურჩქნება, მაგრამ აღარ იჭმევა, ლპება, ყარს, ტოქსიკურია, ყველაფერს წამლავს ვისაც და რასაც მიეკარება.

ამას უკვე ყველა ხედავს. დაჯავშნული კოლბიდან, შეშინებული თვალებით წარსულისკენ მომზირალი ჩინური ლუკაშენკოს შემხედვარე, ყველა გრძნობს სისტემის ხრწნის სუნს, რომელიც ყველგან აღწევს და სუნთქვას შეუძლებელს ხდის.

ამას, პირველ რიგში გრძნობს ღირსების მქონე პოლიციელი, თავდაცვის ძალების ოფიცერი და ჯარისკაცი, სახელმწიფო ბიუროკრატიის ვერტიკალში ცოდნისა და პატიოსნების გამო მოხვედრილი და შემორჩენილი საჯარო მოხელე, რეინკარნირებული კაგებეს მიერ ადგილობრივ დონეზე მართული საჯარო სკოლების მასწავლებელი, ფარული მიყურადებითა და მოსასმენით საკურთხეველში შემძვრალი, სუსის მიერ შეწუხებული და შეურაცხყოფილი, ცრუმესიის მოძულე, პატიოსანი მღვდელი და მონაზონი.

ყველა შეწუხდა, ყველას მობეზრდა სიძულვილით ნაკვებ ხელოვნურ დაპირისპირებასა და შიშში ცხოვრება.

და ეს ჯერ 20 ოქტომბერს გამოჩნდება ჩვენი ქალაქების ქუჩებში და კიდევ უფრო მეტად და დამაჯერებლად 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებში, სადაც საკუთარ სინდისთან და საღ აზრთან დარჩენილი პოლიციელი, მასწავლებელი, პენსიონერი, სამხედრო, დიპლომატი, მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, კურიერი, მძღოლი, სოციალური მუშაკი თუ სოციალური დახმარების წართმევით დაშანტაჟებული დედა, ერი და ბერი, რომ ქვეყანა ჭკუიდან გადასული, ღალატისა და მტრის მობოდიშე, კორუმპირებული კლანის მძევლობიდანაა დასახსნელი, დიდი პოლიტიკური დეზინფექცია ჩასატარებელი და ისტორიული შანსი გამოსაყენებელი, რომელსაც თან ევროკავშირის წევრობა მოაქვს, ანუ საქართველოს ქართველებიდან დაცლის კი არა - ემიგრაციაში წასული ქართველობის საქართველოში ღირსეულად დასაბრუნებელი რეალობა.

ეს აღარ არის პათეტიკა და სადღეგრძელოები. მეტი რაღა უნდა მოხდეს?! რამღა უნდა აგიხილოთ თვალი ღალატზე?! რამ უნდა შეგიტოკოთ გული?

ევროპარლამენტსა და ბუნდესტაგში ოცნებას იცავენ მარგინალური, პუტინის მოკავშირე ჯგუფები, რომლებიც საქართველოსთვის ევროინტეგრაციის სრულ შეჩერებასა და ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას ითხოვენ, რუსებთან ერთად ომის დაწყებაში გვადანაშაულებენ და აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითგამორკვევაზე საუბრობენ, სეპარატისტებს სოხუმსა და ცხინვალში არჩევნებზე სტუმრობენ და ევროპაში პუტინის მეხუთე კოლონას წარმოადგენენ. ამ ღალატს თუ ვერ ხედავთ და იგებთ, მაშ მეტი რაღა უნდა მოხდეს?!

მართველობის მეცამეტე წლის დასაწყისში, ოცნებას, მორალური კი არა პრაგმატული სენსორები ისე აქვს ჩაკირული და დაბლაგვებული, რომ თავისი ქვეშევრდომებიდან ერთ კაცსაც კი არ ავალებს, რომ პირამოკერილ, ღია ცის ქვეშ მიტოვებულ შუქრუთელებთან მივიდეს და თუნდაც ადამიანური თანადგომა გამოუცხადოს.

ამ სურათის შემხედვარე, ივანიშვილი, დიდი ალბათობით, სიამოვნებასაც კი იღებს... მის საოცნებო საქართველოს ხედავს - პირამოკერილს, შეიძლება უკმაყოფილოს და დაჩაგრულს, მაგრამ "მშვიდობიანად მორჩილს..." რაშიც ძლიერ ცდება!

არჩევნებზე და არა მარტო იქ, არამარტო ქვეყნის ღალატისა მტერთან კოლაბორაციის გამო გაბრაზებული, არამედ ყველა სოციალურად დაჩაგრული ადამიანი და ის შუქრუთელიც მივა, მივა და უტიფარი ტყუილებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო შურს მწარედ იძიებს და ეს იქნება სამართლიანი შურისძიება რუსულ და ადამიანის სახედაკარგულ რეჟიმზე.