ერთხელ ჩემს მეგობარს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული დირიჟორია დავუსვი კითხვა, რომელზე პასუხიც ბავშვობიდან მაინტერესებდა: თუ ამჩნევს და აფიქსირებს დირიჟორობის მომენტში, ორკესტრის ცალკეული წევრების მიერ არასწორად აღებულ ნოტს, ან არასწორად დაჭერილ პაუზას, რომელიც სინამდვილეში შეიძლება მილიწამი იყოს.
ეს კითხვა, მათ შორის იმ ინტერესიდან გამომდინარე გამიჩნდა, თუ როგორ ახერხებს ადამიანის გონება მრავალ წვრილმან დეტალთან ერთად მთავარზე კონცენტრირებას, ფოკუსის შენარჩუნებას. ამაზეა საბოლოოდ დამოკიდებული შედეგის ხარისხიც.
აღმოჩნდა, რომ არათუ ამჩნევს და აფიქსირებს, როგორც წესი რეაგირებს კიდეც, ოღონდ მხოლოდ რეპერტუარის შესრულების შემდეგ, იმ მომენტში კი, როგორც მან ამიხსნა, მისი მოვალეობაა ორკესტრი მთავარ მუსიკალურ თემას არ ასცდეს და ჰარმონიაში მოიყვანოს ათეულობით ინსტრუმენტის მიერ გამოცემული ბგერა და ის ემოცია აღძრას, ის განწყობა დატოვოს, რის გამოც ეს ნაწარმოები დაიწერა და თავად დირიჟორის შთაგონებამ და ორკესტრის შესრულებამ ახალი სიცოცხლე შესძინა.
ჩემი ეს შემჩნევა დღეს იმიტომ გაგიზიარეთ, რომ საკუთარ თავს და ყველას შევახსენო, არჩევნებამდე დარჩენილია 94 დღე. ამ არჩევნებზე ყველა - ქვეყნის შიგნით თუ გარეთ ვამბობთ: რომ ის ფაქტობრივად რეფერენდუმია. რეფერენდუმი ქვეყნის მომავალზე - განვაგრძობთ არსებობას "უხეირო დიქტატორის" მიერ სახელმწიფოებრიობის ხეირიანად ლიკვიდაციის რეჟიმში, თუ თავისუფალი სამყაროს დაცულ და სრულფასოვან წევრებად ჩამოვყალიბდებით. ამ არჩევანზე სრული კონცენტრაციისა და ფოკუსის გარეშე უხეირო დიქტატურა გაფორმდება.
ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ბევრი წვრილმანი საბაბი გაგვიჩნდა დროის, ყურადღებისა და ენერგიის დიდი მოცულობის მისაძღვნელად. ქართული სოციალური ქსელები, სატელევიზიო ეთერების მნიშვნელოვანი ნაწილი იმ თემებს დაეთმო, სადაც აქტიურად მსჯელობდნენ თვისობრივად მნიშვნელოვან და ხელისუფლების პროპაგანდის მიერ "ავთვისობრივად შემოგდებულ" მოვლენასა, თუ იმის კომენტარებზე, თუ ერთი თვით ადრე ჯერ კიდევ სრულიად უცნობმა ადამიანმა რაზე რა თქვა.
არადა არჩევნებამდე 94 დღეა დარჩენილი.
ახლა დავაკვირდეთ როგორ მუშაობს რუსული ოცნების მთავრობა. როგორ ახდენს სამიზნე ჯგუფების იდენტიფიცირებას და განეიტრალებას იმ ხალხისა, რომლებთან დაკავშირებით საზოგადოების რეაქციასაც შესაძლოა დიდი როლი ჰქონდეს საარჩევნო, თუ პოსტსაარჩევნო განწყობების ფორმირებისთვის. საამისოდ სასამართლოს ეზოდან გასვლაც კი არ დაგვჭირდება.
მხოლოდ ამ 3 დღეში: ივანიშვილის სასამართლო კლანის და რეპრესიის ინსტრუმენტებად ქცეული სხვა ინსტიტუტების მეშვეობით, ამ შემთხვევაში სუსის და პოლიციის გამოყენებით, ფაქტობრივად გაუქმდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოში, შეიძლება ითქვას "კლანურ ბუნაგში" დამოუკიდებელი წევრის დანიშვნაზე; რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტში მონაწილე 2 ახალგაზრდას, ძალიან ახალგაზრდას, 6 წლამდე მუხლი წაუყენეს, თავად სახელმწიფოს მიერ 400 ლარად შეფასებული ზარალის გამო. მათი ოჯახის წევრების რეაქციების შემხედვარე არც ბიძინას და არცერთ მისიანს, სამართლებრივ და პოლიტიკურ სინდისთან ერთად ადამიანური ემპათია რომ არ აქვთ - კიდევ ერთხელ დავრწმუნდით; სასამართლოში, ტერორიზმის ბრალდებით კითხავენ ქართველი ვეტერან მეომრებს, რომელთაც ასეთი მძიმე ბრალდებით დედამიწის ზურგზე მხოლოდ ერთი ქვეყანა დევნის და ეს ქვეყანა საქართველოს ნომერ პირველი მტერი - ფაშისტური რუსეთია; გუშინვე სასამართლომ დამნაშავედ თავად ცნო პოლიციის სპეცრაზმის მიერ სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავა.
უსამართლობას, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, ისედაც ყველაზე ღარიბი და დაუცველი ოჯახების ჩაგვრას, ვეტერანების სულში ჩაფურთხებას და კიდევ ბევრ სხვა მორალურად თუ სამართლებრივად მიუღებელ ქცევას რომ შევეშვათ და მხოლოდ საარჩევნო, უფრო სწორედ ძალაუფლების შენარჩუნების ამოცანაზე კონცენტრირებით მიღებულ გადაწყვეტილებათა ალგორითმს დავაკვირდეთ - ყველა მათგანი ერთ მართვის ცენტრში შემუშავებული, ერთი სტრატეგიული ამოცანის ტაქტიკური გეგმის ნაწილია.
პირველი ამოცანა მდგომარეობს მიზნის უზრუნველყოფაში, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად განეიტრალდეს ყველა ის საზოგადოებრივ, პროფესიულ, თუ სამოქალაქო აქტივიზმში ჩაბმული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც სერიოზულ წინააღმდეგობას ქმნიდნენ, ან შეიძლება შექმნან საარჩევნო კამპანიის დასკვნით ფაზასა და პოსტსაარჩევნო პერიოდში.
ამოცანა მეორე მდგომარეობს ქართული საზოგადოებისათვის ღია გზავნილში, რომ საარჩევნო კამპანიას, ან არჩევნებს დემოკრატიულ პროცესთან საერთო არაფერი აქვს, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი, რესურსი და მექანიზმი უხეშად იქნება გამოყენებული ძალაუფლების შესანარჩუნებლად საჭირო ციფრების დასაფიქსირებლად და დასაცავად.
ამ გზავნილის მთავარი თავისებურებაა - ,,ბოროტების ბანალურობის“ რუტინის შეგრძნების ჩამოყალიბება. უკანონობის და ავტორიტარული ძალმომრეობის რუტინისა, რომელსაც წინააღმდეგობა არ და ვერ ხვდება.
მიზანია - ამ პროცესის შემხედვარე, საპროტესტოდ განწყობილი ადამიანების ნაწილმა იფიქროს თავის და ოჯახის წევრების დაცვაზე, ან ქვეყნის დატოვებაზე, იქნება ეს პროტესტანტი სტუდენტი, ვეტერანი მებრძოლი, თუ სამოქალაქო აქტივისტი.
ვუბრუნდები იმას, რითაც დავიწყე: - ,,რუსული ოცნება“ საქართველოს მთავრობის სახით ურცხვად, მაგრამ გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად მიყვება არჩევნებამდე არამარტო საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, არამედ ადამიანთა იმ ჯგუფების დასჯისა და რეპრესიების გეგმას, რომელმაც სასურველი საარჩევნო შედეგის მიღწევა უნდა უზრუნველყოს.
ვხედავთ თუ არა ასეთივე სერიოზულ, ჩამოყალიბებული სტრატეგიის ფარგლებში მოქმედ, ორგანიზებულ ოპოზიციურ ერთობას. ერთობას, რომელიც თავის თავში მოიცავს არა მარტო პოლიტიკურ პარტიებს, არამედ ქვეყნის ეროვნული, ევროპული პერსპექტივის გადარჩენისთვის ბრძოლაში ჩაბმულ საზოგადოებრივ ჯგუფებს, სამოქალაქო გაერთიანებებს, ახალგაზრდებს, ემიგრანტებს, ყველა - მეტ-ნაკლებად რესურსის მატარებელ რგოლს? სამწუხაროდ ჩემი პასუხია - არა.
პარტიები მიყვებიან, უფრო სწორედ, ჯერ კიდევ ცდილობენ ჩამოაყალიბონ და მისდიონ თავიანთ დღის წესრიგს, რაც მხოლოდ პარტიული საარჩევნო კამპანიის წარმოებაზე იქნება კონცენტრირებული და ამ პროცესის მიღმა რჩება ყველაზე მთავარი, ის, რასაც ყოველდღიურად, თანმიმდევრულად უკვე აკეთებს რუსული ოცნება: ნერგავს რა შიშს, სასოწარკვეთილებას და დასახული არალეგიტიმური მიზნის ნებისმიერ ფასად მიღწევის განწყობას.
ვუბრუნდები რა ორკესტრისა და დირიჟორის ქცევის სპეციფიკას, არც იმის მოლოდინი მაქვს და მითუმეტეს არავის მოვუწოდებ, რომ ერთი დირიჟორის მიერ მოხაზული ტრაექტორიით იმოქმედოს, მაგრამ იმის მოლოდინი და სურვილი კი ნამდვილად ლეგიტიმურია, რომ პარტიებსა და სამოქალაქო წინააღმდეგობის ორგანიზაციებს შორის, როგორც მინიმუმ საერთო ეროვნულ საფრთხესა და მიზანზე მეტი ფოკუსი, უკეთესი ხარისხის კოორდინაცია შედგეს, საიმისოდ, რომ არჩევნებამდე დარჩენილი 94 დღის განმავლობაში "უხეირო დიქტატურას" უფრო კონცენტრირებულად და ხეირიანად დავუპირისპირდეთ და "რუსულ ოცნებას" და ფაქტობრივად, უკვე ჩამოყალიბებულ რუსულ რეჟიმს რუტინად ქცეული ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სამართლებრივი ძალადობისთვის მაქსიმალურად ძვირი ფასის გადახდა მოუწიოს.