შემთხვევითი სულაც არ არის, რომ გუშინ ძალიან ბევრი ახალგაზრდის თუ ხანდაზმულის თვალზე ვიხილეთ ცრემლი. გულწრფელი, მწარე, ბრაზისა და მოვლენის ტრაგიზმის გამომხატველი. ქვეყნის მომავლის ფეხებზე დამკიდებლებს ამ ცრემლებისთვისაც მოეკითხებათ. მე ცრემლი არ წამომსვლია, გული კი ამიჩუყდა ამ ახალგაზრდებისა დ თუ ხანდაზმულების შემხედვარე - როგორ განიცდიდნენ არამარტო 84 მოღალატის ნამოქმედარს. ჩემნაირებისთვის, რომლებიც პოლიტიკურ პროცესს დიდი ხანია ვაკვირდებით და კარგად ვიცნობთ ივანიშვილის და ზოგადად რუსული რეჟიმების ბუნებას, რაც მოხდა - მოულოდნელი და მით უმეტეს იმედის გამაცრუებელი არ ყოფილა. პირიქით, მას შემდეგ, რაც ოლიგარქმა, გასული წლის გამოცდილების მიუხედავად, უფრო მეტად კი სწორედ ამ მარცხის გამო გადაწყვიტა ხელახლა დაეინიცირებინა რუსული კანონი, დარწმუნებული ვიყავი, რომ მის მარიონეტებს ნებისმიერ ფასად ბოლომდე გაატანინებდა. 29 აპრილის რუსული მანიფესტის შემდეგ, მას უკვე აღარც დასაკარგი აქვს რამე და აღარც უკან დასახევი გზა დაიტოვა. ერთ დროს დემოკრატიით ევროპის გაოცების ამბიციის მქონე გაუგებარი სოციალური წარმონაქმნის მიმართ დამოკიდებულება სრულად ფორმირებული და ფორმულირებულია. ამიტომ, ჩემი მოლოდინები არა რუსული კანონის ჩაგდებას, არამედ იმ ფასის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდებოდა, რომელიც ივანიშვილს, ქართველი ხალხისა და დასავლეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, რუსული კანონის გატანა უნდა დასჯდომოდა. ეს მიზანი ერთმნიშვნელოვნად მიღწეულია: ფასი გაზრდილია და შესაბამისი შედეგები სახეზე:
პირველ რიგში, ეს არის აქტიური, ორგანიზებული და ამავე დროს თვითორგანიზებადი, გაუნელებელი მუხტით სავსე, მრავალფეროვანი ინტერესებისა და პროფესიული ნიშნის მატარებელი, ნამდვილი ქართული სამოქალაქო საზოგადოების დაბადება. როგორც ჯარისკაცები გადიან წვრთნას ექსტრემალურ პირობებში, თვე-ნახევრის განმავლობაში ისე ივარჯიშა და მომავალი ამოცანებისთვის საუკეთესოდ მოემზადა მრავალი ათასი საქართველოს მოქალაქე. შედეგად მივიღეთ კარგად ჩამოყალიბებული, პატრიოტული სულით სავსე, გაცნობიერებული მისიის მატარებელი, დემოკრატიისთვის მებრძოლი ქართული სამოქალაქო საზოგადოება. არმია ადამიანებისა, რომელიც არავის და არაფრის შიშით არ დათმობს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი შედეგია ივანიშვილის ხელისუფლების რუსული ბუნების აბსოლუტური ლუსტრაცია. რუსული კანონის ყველაფრის ფასად მიღებისა და ოკუპანტი სახელმწიფოს ლიდერების მხარდამჭერი განცხადებების შემდეგ, ეჭვი უბრალოდ ვეღარ შეგეპარება იმაში, რომ საქართველოს მოსკოვის მარიონეტები მართავენ. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნის შიგნით - საზოგადოების დარაზმვისთვის, ისე საერთაშორისო რეაქციებისა და გადაწყვეტილებების სრული კონსოლიდაციისთვის.
დაბოლოს, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგია დასავლეთის საბოლოო გამოფხიზლება და მისი არა მხოლოდ დამოკიდებულების კრისტალიზება ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებაში, არამედ იმის ბოლომდე გააზრება, რომ აქ რომელიღაცა ერთი პოსტსაბჭოთა ოლიგარქის უზურპატორული ვნებების დაკმაყოფილების მორიგ დრამასთან კი არ გვაქვს საქმე, არამედ დასავლურ სამყაროსთან კრემლის დაპირისპირების მორიგ ხაზთან, სადაც პუტინი საქართველოზე დომინირების მეშვეობით ცდილობს წარმატების მიღწევას.
საქართველოში მიმდინარე მოვლენების აღქმა უკვე გლობალურ კონტექსტში ხდება, ამის ყველა ნიშანს ვხედავთ, ( ბოლოსდაბოლოს თეთრი სახლის და სახელმწიფო დეპარტამენტის ბრიფინგები იწყება საქართველოზე საუბრით ), ამას აუცილებლად მოჰყვება ნაბიჯები, რომელიც ამ თვეების განმავლობაშიც და თავად არჩევნებზეც გადამწყვეტ გავლენას მოახდენს როგორც ქართული საზოგადოების არჩევანსა და მისი შედეგების დაცვაზე, ისე არჩევნების შემდგომ იმ დანაკარგების სწრაფ ანაზღაურებაზე, რომელსაც ქვეყანა ივანიშვილის რეჟიმის შედეგად დემოკრატიის უკანდახევითა და შეცვლილი გეოპოლიტიკური ორიენტაციით იღებს.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოსადმი ამერიკის მხარდაჭერა, ისევე როგორც ოლიგარქის რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული სანქციები ორპარტიულია და მასზე საარჩევნო, ციკლური ცვლილები ვერ იმოქმედებს (მით უმეტეს თბილისის დღევანდელი გადაწყვეტილების ფონზე, რომ ანაკლიის პორტი ჩინელებს გადასცეს). რაც შეეხება ევროკავშირს - საქმე იქამდე მივიდა, რომ მუდამ და ზოგჯერ ზედმეტად თავშეკავებული უმაღლესი კომისარი ბორელი ყოველგვარი ქვეტექსტის გარეშე გვეუბნება, რომ საქართველოს ევროპულ რელსებზე დაბრუნება მხოლოდ ამ კანონის გაუქმების, ანუ ივანიშვილის რუსული რეჟიმის გაშვების შემთხვევაში მოხდება.
რუსული კანონის სულისკვეთებით რეჟიმი უკვე წლებია მოქმედებს და რეპრესიულ პოლიტიკას აქტიურად ატარებს. ამ კანონის მიღება მხოლოდ რეალობის ფორმალიზებაში ეხმარება. სინამდვილეში ივანიშვილის ამოცანას წარმოადგენდა კანონის ფორმალიზაციით და ქვეყანაში რუსული რეჟიმის გაფორმებით, არჩევნების წინ ემოციურად და ფსიქოლოგიურად გაეტეხა წინააღმდეგობის სულის მატარებელი ქართული საზოგადოება და დაერწმუნებინა ბრძოლის უაზრობაში. ეს იყო მთავარი მიზანი!
დამდგარი შედეგის გათვალისწინებით შეგვიძლია თამამად, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვთქვათ, რომ ბრძოლას არათუ აზრი აქვს, არამედ ქართველი ხალხის მზარდმა წინააღმდეგობამ უმნიშვნელოვანესი შედეგები მოიტანა, რაც უფრო დიდი ცვლილებების საწინდარი გახდება 26 ოქტომბერს, დღეს, რომელიც მონიშნულია ისტორიულ რუბიკონად. სწორედ არჩევნების შედეგი განსაზღვრავს ჩვენი საზოგადოების ყველაზე ღირებული ნაწილის ქვეყნისთვის და მათი ოჯახებისთვის საბედისწერო გადაწყვეტილებას: რჩება საქართველოში და მონაწილეობს მის მშენებლობაში, თუ ტოვებს მას. და ეს პირველ რიგში ეხება ჩვენი მოსახლეობის ყველაზე ახალგაზრდა, შრომისუნარიან და მებრძოლ ნაწილს, რომლის გარეშეც ამ ქვეყნის არათუ ევროპული, საერთოდ მომავალიც კი წარმოუდგენელია.
საქართველო, თანამედროვე ისტორიაში, ასე ახლოს სასურველ მიზანთან არასდროს ყოფილა. მეორეს მხრივ, არც სახელმწიფოს დაკარგვის რისკი ყოფილა დამოუკიდებლობის პერიოდში ასეთი აშკარა. მიღწეული შედეგები იმედისმომცემია და გვასწავლის, რომ ჩვენს ძალისხმევას აზრი აქვს, ვუახლოვდებით იმ საბედისწერო წერტილს, როდესაც შეცდომის დაშვების უფლება უკვე აღარ გვაქვს, და ეს წერტილი 26 ოქტომბერია.
ამ მთელმა საქართველომ ის უნდა უთხრას საარჩევნო ხმაზე რუსულ ოცნებას, რაც დღეს მინიმარკეტში მისულ ერთ მეოთხმოცდამოეთხედს პატრიოტმა მოქალაქეებმა უთხრეს - "რა ფორთოხალი, თქვენ ჩემს ოთხ შვილს მომავალი წაართვით".