გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ტრამპის ერა და შეუმდგარი დიქტატორი

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ტრამპის ერა და შეუმდგარი დიქტატორი

ტრამპის ინაუგურაციამ, უფრო სწორად, საპრეზიდენტო ფიცის შემდეგ წარმოთქმულმა სიტყვამ აჩვენა, რომ უკრაინაში ომის დამთავრების პერსპექტივაზე საუბარი, მიუხედავად წინასაარჩევნო დანაპირებისა, ნაადრევია.

ყველა წერტილი, სადაც წარმატება თითქმის მიღწეულია, ან ახლო მომავალში შედეგის მიღების დიდი შანსია - ტრამპმა ახსენა.

თქვა, რომ მისი კვალი ისტორიაში მშვიდობისმყოფელის მისიის შესრულებაზე იქნება დამყარებული. თუმცა მშვიდობაზე მისი, ანუ თავისუფალი სამყაროს პირობებით. ომებში არ შესვლა ამერიკის გაპაციფისტებას, ან ტრამპის ბუდისტ ბერად შედგომას არ ნიშნავს, არამედ იმას, რაც ახალფიცდადებულმა პრეზიდენტმა გარკვევით თქვა:

„ჩვენ ისევ ავაშენებთ უძლიერეს არმიას, რომელიც ჯერ არ უნახავს მსოფლიოს. ჩვენ ჩვენს წარმატებას შევაფასებთ არა მხოლოდ იმ ბრძოლებით, რომლებსაც მოვიგებთ, არამედ იმ ომებითაც, რომლებსაც დავასრულებთ - და, ალბათ, რაც მთავარია, იმ ომებით, რომლებშიც არასდროს ჩავერთვებით. მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი - ეს იქნება ჩემი ყველაზე საამაყო მემკვიდრეობა. აი, რა მინდა ვიყო: მშვიდობისმყოფელი და გამაერთიანებელი.“

მე მგონი ძალიან გასაგებად თქვა და ოცნებისეულ მშვიდობის კაპიტულაციურ ინტერპრეტაციას რომ ვერანაირად ექვემდებარება, ცხადია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ: ტრამპი ამბობს - მისი პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკას ეყოლება ისეთი ძლიერი ჯარი და ისეთი ძლიერი შეიარაღება, როგორიც არასდროს ჰყოლია და ჰქონია, რომელიც მის სამხედრო უპირატესობას პოტენციურ მოწინააღმდეგეზე დიდწილად უზრუნველყოფს და ამ ძალის პროექციას გეოპოლიტიკურ გამოწვევებში იმდენად მკაფიოდ უზრუნველყოფს, რომ მიმდინარე ომებიც დასრულდება და ახლის დაწყების ცდუნება არავის გაუჩნდებაო. ანუ ახალ ომში იმიტომ კი არ შევალთ, რომ თავისუფალი სამყაროს და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, შეერთებული შტატების ინტერესებს დავთმობთ, რადგან ყველაფრის ფასად მშვიდობა გვირჩევნია - მშვიდობა იქნება იმიტომ, რომ ისეთი ძლიერები ვიქნებით და რაც მთავარია ძალის გამოყენების ნებას გამოვასხივებთ, რომ ჩვენი რისხვის გამოცდა არც არავინ სცადოსო.

ტრამპმა მთავარი გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგე, ჩინეთის სახით, ასევე მკაფიოდ მონიშნა და მისი მზარდი გავლენების შეკვეცის სტრატეგიაზეც გააკეთა განაცხადი.

მგონი ბევრი ახსნა აღარ სჭირდება იმას, თუ როგორი დილემის წინაშეა ივანიშვილი, რომელმაც მის მიერ მიტაცებული ქვეყანა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ისე ქურდულად მიჰგვარა, რომ შიდა ფორმალური პროცედურებიც კი არ დაუცვია. დადასტურებით ვიცი, რომ კობახიძის მიერ პეკინში ხელმოწერილი დოკუმენტი თავად საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებისთვისაც კი აბსოლუტური სიურპრიზი იყო.

პუტინთან ფლირტს რომ საერთოდ შევეშვათ, ტრამპის მიერ ისრაელის უპრეცედენტო მხარდაჭერის პოლიტიკისა და ირანის რეჟიმის მიმართ დამოკიდებულებაც კიდევ ერთი, მნიშვნელოვანი დამატებითი ფაქტორია, რის გამოც ივანიშვილს და მის კამარილიას მძიმე დღეები ელის.

დასავლეთის მიერ „შეუმდგარ დიქტატორად“ უკვე მონათლულმა ივანიშვილმა იცის, რომ კონსენსუსი დასავლეთის განწყობასა და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნებას შორის შემდგარია და მოქმედებაში მოდის, ამიტომაც ჩქარობს, რომ „შეუმდგარობიდან“ შემდგარ დიქტატორად ჩამოყალიბდეს. ამისთვის გადავიდა მასშტაბურ რეპრესიებზე ჟურნალისტების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების, ურჩი საჯარო მოხელეების მიმართ.

ამიტომაც ეზიდება მთელ თავის ქონებას და ფინანსებს საქართველოში, მის მიერ კონტროლირებად, ფაქტობრივად დაპყრობილ ტერიტორიაზე, აქ ამაგრებს რეჟიმს, მისი გაგებით ციხესიმაგრეს, რომელიც ალყაშია მოქცეული და რომლის შიგნითაც ქონება და უსაფრთხოება უნდა დაიცვას.

პრობლემა მისთვისაც და ჩვენთვისაც ის არის, რომ კლასიკური საალყო სიტუაციისაგან განსხვავებით, სადაც ციხესიმაგრის შიგნით მყოფ ხალხს მტრის წინააღმდეგობის საერთო განწყობა და სულისკვეთება აერთიანებთ, ჩვენს შემთხვევაში, ივანიშვილს, ხალხის და მეციხოვნეების კი არა, პირად დაცვად გადაქცეული ძალოვანებისა და კრიმინალების ნაზავი ბანდის იმედი აქვს.

ხალხი არათუ მისი წინააღმდეგია, ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი. საქართველოს გულშემატკივარი დასავლეთიც მხოლოდ ამიტომ ფრთხილობს, ისე ეპყრობა ივანიშვილს, როგორც ტერორისტს, რომელსაც მძევლები ჰყავს. მისი განიარაღება და გაუვნებელყოფა ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, თუმცა გადამწყვეტი იქნება - თავად ჩვენ - ხალხი რას ვიზამთ - მძევლის სტატუსს მოვერგებით, თუ აქაურობის ბატონ პატრონად ვიგრძნობთ თავს, რომელსაც ერთი, მთელი ცივილიზებული მსოფლიოსგან გარიყული კაცი ქვეყანას ართმევს და მის ტერიტორიაზე საკუთარი ქონების რეზერვუარს აშენებს.