ვისაც ლაზარეს ასაკის ახლახან თინეიჯერობაგამოვლილი შვილები გვყავს, ექსპერტების მოსაზრებები არ გვჭირდება იმის გასააზრებლად, რომ ამ თაობისთვის, შეღებილი თმა, ტატუ, თუ დახატული თვალები არათუ კომპრომატს, უბრალოდ თვითგამოხატვის საშუალებას წარმოადგენს. საკუთარ გარეგნობაზე ექსპერიმენტები მათთვის ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა, განსხვავებული ფორმით ვლინდება და მსოფლიო ტრენდებისა თუ მოდის ტენდენციების მიხედვით იცვლება. ამიტომ ნაკლებდამაჯერებლად მეჩვენება ხელისუფლების მოტივაციის ახსნისას იმის მტკიცება, რომ ლაზარეს დემონიზებით, რეჟიმი, ახალგაზრდობის დაფრთხობასა და პროტესტისგან მათ დისტანცირებას შეეცადა. სინამდვილეში, ამ ყველაფრის უკან ბევრად ცივსისხლიანი და ცინიკური გეგმაა, რომელიც ბევრად შორსმიმავალ და მზაკვრულ ამოცანას ემსახურება.
თუ რას - ახლა გეტყვით: ხელისუფლებას რომ ახალგაზრდების მიმხრობის რესურსი უკიდურესად შეზღუდული აქვს, თავადაც ხვდებიან. ამიტომაც, ოცნება მოკლე პერიოდში ლაზარეს სამაგალითოდ დასჯით მისი თანატოლების შეშინებას და შედეგად გაპასიურებას შეეცდება. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ახალი მინისტრის ამილახვარის მეშვეობით, განათლების სისტემაში უკვე დანერგილი სუსურ-რეპრესიული ვერტიკალის გაძლიერებით, ფინანსური ბერკეტებისა და დამატებითი სახელმწიფო პროგრამების ამოქმედებით და მასში განსაკუთრებით სტუდენტების ჩართვით და დამოკიდებულების ზრდით, ოცნება შეეცდება ახალგაზრდებს თავისუფლება ისე შეუზღუდოს, რომ პროტესტის გამოხატვა საგრძნობლად გაურთულოს, მათი მშობლები და ოჯახის წევრები კი, ოცნების მორჩილ საარჩევნო რესურსად აქციოს, როგორც ეს საქართველოში არსებულ უმუშევართა უზარმაზარი არმიისა და სოციალურად დაუცველთა სტატისტიკის სელექტური მანიპულაციით გააკეთა.
რეალურად, განსხვავებული გარეგნობის, დემონიზირებული ლაზარე გრიგორიადისის ავანსცენაზე დამნაშავის ამპლუაში გამოყვანა გზავნილია, არა იმდენად ახალგაზრდობისთვის, რამდენადაც ოცნების ტრადიციული თუ ბოლო დროს გამერყევებული მხარდამჭერებისთვის. ლაზარეს, როგორც ევროკავშირისა და დასავლეთის, სამოქალაქო საზოგადოებისა თუ ოპოზიციური სპექტრის სახედ წარმოჩენითა და ბნელ ინსტინქტებზე მომართული პოპულიზმით, ხელისუფლება ერთის მხრივ ელექტორალური ეროზიის შეჩერებას ცდილობს, მეორეს მხრივ კი, საბჭოური მენტალიტეტის, ეთნო-ნაციონალური თუ რელიგიურ-ფუნდამენტალისტური მიდრეკილების მხარდამჭერებს სამომავლო აგრესიისთვის საწვავით ამარაგებს.
ამ სქემის საშუალებით ხელისუფლება ანტი-სამთავრობო პროტესტის ერთგვარი ფალსტარტის გამოწვევას და ტაქტიკური გამარჯვების მოპოვებასაც ცდილობს. მას იმედი აქვს, რომ დემონიზებული ლაზარეს დასაცავად, მისი გარეგნობისა თუ ეპატაჟურობის გათვალისწინებით, იმ ტიპის ფართომასშტაბიანი, ყველა თაობის გამაერთიანებელი პროტესტის კონსოლიდაცია, რომელიც რუსული კანონის შემთხვევაში მოხერხდა, შეუძლებელი იქნება. ხელისუფლების გათვლით, შესაძლოა, მას საზოგადოების არაერთი გავლენიანი წარმომადგენელი გამოესარჩლოს და პროტესტმაც, შესაძლოა, არანაკლებ მწვავე ფორმები მიიღოს, თუმცა თუ მას საყოველთაობა დააკლდება, ოცნება ადვილად მოახერხებს პროტესტთან გამკლავებას და ლაზარეს სამაგალითოდ დასჯით, იმ თაობის სიმბოლურად დამარცხებას შეძლებს, რომელმაც მას ძალიან მწარე სილა გააწნა.
შესაბამისად, როგორც სამოქალაქო საზოგადოება, ისე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები უკიდურესად ფრთხილად და სერიოზულად უნდა მოეკიდონ ხელისუფლების ამ ვერაგულ განზრახვას. პირველი რიგში, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ლაზარეს უფლებები ბოლომდე იქნას დაცული და ეროვნული ინტერესების დამაზიანებელ ოცნებას, სახელმწიფო ღალატის აღმკვეთ პროტესტში მონაწილე ახალგაზრდა კაცის დასჯის საშუალება არ მიეცეს. მეორეს მხრივ, საზოგადოებამაც ბოლომდე უნდა გავიაზროთ, თუ რატომ სჯის ოცნება ლაზარეს და არა ვინმე სხვას, რატომ ახლა და რატომ ამ ფორმებით. და ისიც, რომ ჩვენ როგორც ერი, ვერც ქვეყნის დამოუკიდებლობას, ვერც ევროპულ მომავალს და ვერც თუნდაც ტრადიციულ ღირებულებებს დავიცავთ, თუ ვერ შევძელით მარტივი რამ: უსამართლობისგან და 7-წლიანი პატიმრობისგან ყველაფრის ფასად ვიხსნათ 21 წლის ახალგაზრდა, რომელიც შესაძლოა ვინმეს გარეგნობის გამო არ მოსწონდეს.