გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "პუტრიოტების" პატრიოტიზმი

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: "პუტრიოტების" პატრიოტიზმი

გასულ კვირას, აზერბაიჯანის პარლამენტის, მინიმეჯლისის ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნამირ ნამაზოვმა განაცხადა, რომ 2025 წლის თებერვალში აზერბაიჯანზე განხორციელებული კიბერშეტევის უკან რუსეთის ფედერაცია იდგა. აზერბაიჯანელმა დეპუტატმა მოხსენების დროს კიდევ უფრო მეტი სიზუსტე შემოიტანა და თავდასხმის აქტში კონკრეტული ჯგუფი დაასახელა: არტ-29, რომელიც ფაქტობრივად რუსეთის სამხედრო დაზვერვის არაოფიციალურ დანაყოფს წარმოადგენს.

ნამაზოვმა კიბერშეტევა ახსნა რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის უკმაყოფილებით აზერბაიჯანის მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომლითაც ბაქოში „რუსული სახლის“ ფუნქციონირება აიკრძალა. „რუსული სახლები“ ცნობილია მათი მადესტაბილიზირებელი როლით იმ ქვეყნებში, სადაც გახსნილია მსგავსი ტიპის რუსული ორგანიზაციები.

მოხსენებაში კიდევ ერთ მიზეზად დასახელდა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რუსული პროპაგანდისტული მედიის ადგილობრივი დანაყოფის – სპუტნიკის საქმიანობის შეჩერებასთან დაკავშირებით.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ღიად გამოაცხადა, რომ მის წინააღმდეგ რუსეთიდან ხორციელდება მასშტაბური კიბერთავდასხმები და რომ ამ შეტევის უკან დგანან რუსეთის ოფიციალური ძალოვანი სტრუქტურები.

თავად კიბერშეტევა და ის, რომ მოხერხდა მის უკან მდგარი სტრუქტურული დანაყოფის იდენტიფიცირება, აზერბაიჯანისათვისაც წარმოადგენს გარკვეულ სიგნალს რუსეთის ხელისუფლებიდან, რომ მიუხედავად მმართველობითი სისტემების შედარებითი მსგავსებისა და ერთმანეთისადმი ლოიალობისა, თუკი პუტინისა და რუსეთის ინტერესები არ იქნება სრულად გათვალისწინებული, რუსეთი მსგავს მოქმედებებს მიმართავს და არ დაიხევს უკან მადასტაბილიზირებელი რესურსების ამოქმედებისაგან.

თავად „რუსული სახლი“, ისევე როგორც სპუტნიკის დახურვა, ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის დაძაბვას მოყვა, რისი მიზეზიც გახდა რუსეთის ხელისუფლების დანაშაულებრივი პოზიცია მისსავე ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი აზერბაიჯანული თვითმფრინავის რეალური მიზეზების დამალვის მცდელობის გამო.

ამ მომენტამდე ალიევი „რუსულ სახლს“ და სპუტნიკს „ითმენდა“, მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა, ამ წარმონაქმნებს არანაირი საერთო არა აქვთ ხალხებს შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავებასთან და ეს მხოლოდ საფარია სპეცსამსახურების საქმიანობისთვის.

სულ ცოტა ხნის წინ, ყირგიზეთში დააკავეს „რუსული სახლის“ თანამშრომლები იმის გამო, რომ ისინი აქტიურად ეწეოდნენ ყირგიზეთის მოქალაქეების გადაბირებას და გაგზავნას უკრაინის წინააღმდეგ ომში.

აზერბაიჯანთან დაკავშირებული გასული კვირის ეს მოვლენა მხოლოდ იმის გამო გამახსენდა, რომ გასულ კვირასვე კახეთში, რუსი მაღალჩინოსნებისა და დიდი ქეიფის პარალელურად, საქართველოში მესაზღვრეებმა არ შემოუშვეს პუტინის მიმართ კრიტიკით გამორჩეული კიდევ ერთი რუსი ბლოგერი, მაშინ როდესაც იგივე ადამიანმა უპრობლემოდ გადალახა აზერბაიჯანის საზღვარი.

რა განსხვავებაა საქართველოსა და აზერბაიჯანის მმართველების სუვერენიტეტის შინაარსსა და პუტინისა და რუსეთისადმი დამოკიდებულებაში?

ალიევი არამარტო დეკლარირებს, არამედ რეალურად ახერხებს ყველა ფაქტორის გათვალისწინებით სუვერენული პოლიტიკის რეალიზებას. ამისთვის მან წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა: ქვეყნის რესურსები მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენა არამარტო ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის, ყარაბაღის კონფლიქტში რუსეთის ფაქტობრივი განეიტრალებისთვის, შეიარაღებული ძალების გადაიარაღება-გაძლიერებისთვის, თურქეთთან სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობის უმაღლეს დონეზე ასაყვანად და საბოლოო სტრატეგიულ შედეგად ქვეყნის მთავარი პრობლემის – ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოსაგვარებლად. ილჰამ ალიევი, მიუხედავად აზერბაიჯანში არსებული მმართველობითი მოდელის მიმართ ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულებისა, დღეს სამხრეთ კავკასიის წამყვანი აქტორი და უფრო ფართო გეოპოლიტიკურ თამაშებშიც ანგარიშგასაწევი პარტნიორია.

ამის სრულიად საწინააღმდეგო რამ მოხდა და ხდება საქართველოს შემთხვევაში, რომლის მმართველი კლანიც მთავარ მიღწევად რეალური სუვერენულობის მოპოვებას ასახელებს. ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოს ყველა სტრატეგიულ მოკავშირესთან გაიფუჭა ურთიერთობა. მეტიც, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს სტრატეგიულ მოკავშირეებთან დღეს საქართველოს სახელით მოლაპარაკე მთავრობა ცივი ომის რეჟიმშია.

ინტერესის საგანს ამ ურთიერთობების სასწრაფოდ აღდგენა კი აღარ წარმოადგენს, არამედ მთავარი ინტრიგაა – 19 მაისს ვუჩიჩის, ფიცოს და კრემლის სხვა ლოიალისტების გამოთავისუფლებულ ადგილზე, წითელ მოედანზე ყაველაშვილს ვიხილავთ თუ არა, სადაც, სხვათა შორის, უკვე დახვდებიან სეპარატისტები სოხუმიდან და ცხინვალიდან, რომელთა წინაშე ბოდიშების ხდამ არა თუ დაგვაახლოვა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, არამედ მნიშვნელოვნად დააზიანა არაღიარების პოლიტიკა – გასულ კვირას უკვე რუსებმა სოხუმის აეროპორტიც გახსნეს.

ივანიშვილის რეჟიმის სუვერენიტეტი სასაცილოდ გამოიყურება პრეზიდენტ ალიევის მოქმედებებთან პარალელში. საქართველოში რუსული პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სპეცსამსახურების ინტერესი სრულად დაკმაყოფილებულია და ეს ხდება საქართველოსავე ინტერესების ხარჯზე.

ყველაფერი იქამდე დავიდა, რომ არათუ რუსული საცეცების ჩაჭრა, სპუტნიკის, რუსეთის მიერ ნაკვები პოლიტიკური თუ ეგრეთწოდებული არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა მავნებლური წარმონაქმნების საქმიანობის აკრძალვა-შეზღუდვა არ ხდება – პირიქით, დღეს საქართველოს ტერიტორია რუსული სპეცსამსახურების აქტივობისთვის სამოთხედაა გადაქცეული.

ივანიშვილის რეჟიმის სუვერენულობა ყველაზე ნათლად, ალბათ, მაინც საზღვარზე ჩანს, როდესაც ქართველი მესაზღვრეები იძულებული არიან ზემდგომის ბრძანების შესაბამისად, რუსული სპეცსამსახურების მიერ გადმოცემული სიებით იხელმძღვანელონ და ქვეყნის ტერიტორიაზე არ შემოუშვან ვიზიტორები, რომელთა ხილვაც საქართველოში მოსკოვს არ ესიამოვნება.

„ოცნების“ სუვერენიტეტი სინამდვილეში სრული ქიმერაა პატრიოტულ გრძნობებზე მოთამაშე იმ ადამიანებისათვის, ვისაც ერთმანეთისგან ნამდვილი სუვერენიტეტი და პატრიოტიზმი „პუტრიოტების“ რუსული მანიპულაციებისაგან დღემდე ვერ გაურჩევიათ.