გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოცნება — ქართველებისთვის დედინაცვალი

გიორგი თარგამაძის ედიტორიალი: ოცნება — ქართველებისთვის დედინაცვალი

გუშინ, მოსკოვში, პუტინი საქართველოს სეპარატისტული ანკლავების მარიონეტ პრეზიდენტებს შეხვდა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი წარმონაქმნების სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში მხარდაჭერა გამოუცხადა.
იქვე გუნბას გულთბილ მიწვევას დათანხმდა და სოხუმში მალე ჩასვლასაც დაპირდა. წინა დღეს, წითელ მოედანზე, რუსებმა ლამის პუტინის ზურგს უკან დემონსტრაციულად გამოჭიმეს ბევრი ქართველის ეთნოწმენდაში მონაწილე სეპარატისტი ახრა ავიძბა.

წინა კვირას, ოკუპირებულ აფხაზეთში ჩამოასვენეს და სეპარატისტული ხელისუფლების ზედამხედველობით დაკრძალეს გალელი ქართველი შამათავა, რომელიც რუსებს უკრაინაში საომრად ყავდათ წაყვანილი. ასეთი ბედისგან არც გალში მცხოვრები სხვა ქართველები არიან დაზღვეული... და მეტიც — თუ კვლავ რუსეთის გუბერნიად ვიქეცით, დანარჩენი საქართველოს მკვიდრ მამაკაცებსაც იგივე ელით.

ამ ფონზე, ივანიშვილის ოცნება მტრებს წითელ მოედანზე ვერ ამჩნევს, მათ ოკეანის მიღმა და ევროპის კონტინენტზე ეძებს და პარალელურად ქვეყნის შიგნით კუდიანებზე ნადირობს.

ქართველობის და ეროვნული იდენტობის გამო "ორ ფეხზე თავგანწირვისთვის" მზად მყოფი ხალხი მის თვალწინ და მის მიერვე შექმნილ პრობლემებს ვითომ ვერ ხედავს და არც მისი მოგვარების ნებას ავლენს.

ორი კონკრეტული ფაქტი:
პატრიარქ ილიას მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენდა ქვეყნის ბედუკუღმართობის გამო ისტორიის მიერ ყველაზე უსამართლოდ დაჩაგრული ქართველების გვერდში დგომა და დახმარება — მათთვის დაბრუნებაში ხელშეწყობა, თანამედროვე ქართველ ერში, ქართულ სახელმწიფოში რეინტეგრაცია.

ფერეიდნელ, ანუ შაჰაბას მეორის მიერ ირანში გადასახლებულ ქართველებში, და "ჩვენებურებში," ანუ ოტომანთა იმპერიის ტერიტორიაზე ჩარჩენილ ან გასახლებულ ჩვენს თანამოძმეებში, პირადად მის უწმინდესობას არაერთი ნათლული ჰყავს.

რა ხდება დღეს?
თითქოს ქართველობის, ეროვნული ინტერესების და, მათ შორის, პატრიარქის და ეკლესიის კურთხევის მიმდევარი მმართველი რეჟიმის პირობებში — ფერეიდანიდან საქართველოში დაბრუნებული ქართველების ოჯახებს წლებია მოქალაქეობა ხომ არ აღირსეს და, ხოლო ბოლო 2 წლის განმავლობაში, ბინადრობის მოწმობაზეც უარს ეუბნებიან. ფერეიდნელების მდგომარეობა გუშინაც მოვიკითხე — აღმოვაჩინე, რომ მათი უმრავლესობა იძულებული გახდა უკან, ირანში დაბრუნებულიყო.

სამაგიეროდ მიმოიხედეთ თბილისსა და ბათუმში — დააკვირდით, განსაკუთრებით, რომელი ეროვნების ოჯახები მომრავლდნენ და ოცნების გამიზნული დემოგრაფიული პოლიტიკის თუ კორუფციული ინტერესის შედეგად მშვენივრად იმაგრებენ სოციალურ ფესვებს ქვეყანაში, რომელიც თავის სისხლსა და ხორცს ვერ პატრონობს და, ფაქტობრივად, საქართველოდან დევნის.

რაც შეეხება "ჩვენებურებს:" თემურ ქათამაძესთან დაკავშირებული დრამა ჩვენს თვალწინ ვითარდება. გამორჩეული ქართველი პატრიოტი — წლების განმავლობაში უკვე საქართველოში მცხოვრები და თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის მებრძოლი, ბათუმის საპროტესტო მოძრაობის სიმბოლოდ ქცეული მედროშე — ჯერ უკანონოდ დაპატიმრებას, შემდეგ მოქალაქეობაზე უარის თქმის და საქართველოდან გაძევების პროცედურას ოცნების რეჟიმი შეთხზული და ფალსიფიცირებული საქმით და სადისტური გულგრილობით ახორციელებს.

მხოლოდ ამ ორი ფაქტის — ჩვენს თვალწინ მიმდინარე პროცესების — შემჩნევა და ობიექტურად აღქმა იქნებოდა საკმარისი, რომ რეჟიმის ანტიეროვნულ და ანტიქართულ ბუნებაზე მკაფიო წარმოდგენა შეგექმნათ. ფერეიდნელი და "ჩვენებური" — თურქეთელი ქართველების მიმართ ივანიშვილის მმართველობის დამოკიდებულება, მათი ხელოვნური გაუცხოების პოლიტიკა — ივანიშვილის და მისი რეჟიმის ფარისევლობის ისტორიულ მტკიცებულებად დარჩება. თუმცა თანამედროვე ქართველებსაც მოგვეთხოვება თვალი არ ავარიდოთ სამარცხვინო ფაქტებს, რომლითაც სრულიად ნათელია: ჩვენს სისხლსა და ხორცს — ყველაზე ნატანჯ, ნაწვალებ და მაინც სამაგალითო ქართველებად დარჩენილ ჩვენს დებსა და ძმებს — ივანიშვილის საქართველო ბოროტი დედინაცვალივით ექცევა.