
ვაცლავ ჰაველი აღწერდა რა პოსტსაბჭოთა ქვეყნების განვითარების მოდელს ამბობდა, რომ - "დემოკრატიის ფასადი ხშირად მალავს მახინჯ სისტემას, რომელშიც ნამდვილი ძალაუფლება სხვაგანაა თავმოყრილი."
დღეს რუსეთის ოცნების საქართველოში ამ ფასადის ნგრევის მორიგი სამუშაო დღე იყო.
ივანიშვილის ოცნებამ ორი სიმბოლური გადაწყვეტილება მიიღო: გაუქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, რომელსაც თანამდებობის პირებისა და ძალოვანი სტრუქტურების კანონდარღვევები უნდა მოეკვლია, რითაც ფორმალურადაც კი უარი თქვა ამავე სისტემის ავტონომიური უწყებისგან რეპრესიის იარაღად ქცეული პოლიციისა და სპეცსამსახურების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების ვალდებულებაზე.
და მეორე: დაზვერვის სამსახური შთანთქა სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა — ავტონომიის გარეშე, რაც ამ სამსახურის მუშაობის სპეციფიკის, კონკრეტული ოპერაციების მაღალი კონფიდენციალურობის გარანტიების საჭიროების გარდა, დასავლურ სპეცსამსახურებთან პარტნიორობის ერთ-ერთი მთავარი პირობა იყო.
მომხდარი მხოლოდ ნაწილია იმ გადაწყვეტილებათა უწყვეტი ტალღისა, რომელიც განსაკუთრებული სიჩქარით 28 ნოემბრის, ანუ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების შემდეგ დაიძრა და ფაქტობრივად ერთპარტიული ავტოკრატიის ფორმალიზებას ემსახურება.
რეჟიმი აღარ თვლის საჭიროდ, დემოკრატიის ფორმალური ატრიბუტები შეინარჩუნოს. ვიტრინული დემოკრატიის სპექტაკლის ფარდაც დაეშვა.
ხელისუფლებას აღარ სჭირდება დასავლეთის თვალში დემოკრატიის იმიტაცია - ის პირდაპირ გვიცხადებს: ინსტიტუტები უნდა ემსახურონ ერთ კაცსა და მის პარტიას და არა სახელმწიფოს.
ეს არის ფაზა, როცა ფასადიც კარგავს ფუნქციას.
ვიტრინული დემოკრატიის ნიღაბი არათუ საჭირო აღარ არის, დადგა მომენტი, როცა, ჟიჟეკს რომ დავესესხოთ - "ნიღაბი მხოლოდ რეალობას არ ფარავს – ნიღაბი თავად არის რეალობა."
ამ გზის ბოლოში კი ნამდვილად აღარ დგას ევროპა... იქ დგას რუსეთი!