
თბილისის ცენტრში, სათვალთვალო კამერებით დაფარული ტერიტორიიდან, ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს ოპოზიციური პარტიის ლიდერის მეუღლე. 8-საათიანი გატაცების განმავლობაში, მსხვერპლზე ხორციელდებოდა ფსიქოლოგიური ზეწოლა შვილების მიმართ მუქარის ჩათვლით. შედეგად ის იძულებული გახდა, ვიდეომიმართვა ჩაეწერა. სადაც ბოდიშს უხდის საქართველოს არაფორმალური მმართველის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახს 7 წლის წინანდელი, უკვე "ბოდიშმოხდილი" არაკორექტულობისთვის.
ეს ფაქტი, თავისი დრამატულობითა და კონტექსტით, აჩენს მრავალ კითხვას არა მხოლოდ ამ კონკრეტული შემთხვევის, არამედ ზოგადად დღევანდელი სახელმწიფოს ფუნქციონირების მოდელის შესახებ.
შიდა კონტროლის მექანიზმების სრული განულების პირობებში, ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან მსგავსი თავნებობა აღარ არის მოულოდნელი. "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდში არაერთხელ ვყოფილვართ მოწმენი, თუ როგორ ხდებოდა ოცნების ლიდერების მიერ ძალადობის განზრახვის საჯარო დეკლარირება, რასაც ხშირად მოჰყვებოდა ნიღბიანი პირების თავდასხმები პოლიტიკურ ოპონენტებზე – სასტიკი ცემა, დასახიჩრება. ამ დანაშაულებიდან არცერთია გამოძიებული, დამნაშავეები დაუსჯელები რჩებიან. ეს ნეგატიური გამოცდილება პირდაპირ გვიბიძგებს ვერსიისკენ, რომ გუშინდელი გატაცება, სავარაუდოდ, მმართველი ძალის მიერაა ორგანიზებული თუ არა - ინსპირირებული.
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ მოყვანილი არგუმენტები მყარ საფუძველს ქმნის მმართველი ძალის პირდაპირი პასუხისმგებლობის გამოკვეთისთვის, მე მაქვს განსხვავებული ვერსია, რომელიც გატაცების შედეგებზეა დაფუძნებული.
გავრცელებული ვიდეომიმართვის შინაარსი იმდენად მგრძნობიარე თემას უკავშირდება, რომ მისი ხელახალი აქტუალიზაცია შეუძლებელია აწყობდეს ივანიშვილს და მის გარემოცვას, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც პოლიტიკური შედეგების გათვლისა და ანალიზის უნარი შესწევს. ამ თემის ხელახალი გააქტიურება უფრო მეტად შეასუსტებს, ვიდრე გააძლიერებს მმართველი ძალის პოზიციებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ.
რთულად წარმოსადგენია, რომ ოპოზიციური პარტიის ლიდერის იძულება, მის საქმიანობაზე უარის თქმის მიზნით, ქმრის გატაცების გზით ხდებოდეს. ამგვარ ქმედებას აზრი ექნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მიზანი კონკრეტული შინაარსის ვიდეოს გავრცელება კი არ იქნებოდა, არამედ ფარული მუქარა. ზეწოლის ასეთი ფორმის შესახებ საზოგადოება ვერ შეიტყობდა, ხოლო ოჯახი იძულებული გახდებოდა, საფრთხის მასშტაბისა და სამიზნეების გათვალისწინებით მიეღო გადაწყვეტილებები, რაც გარეშე თვალისთვის უხილავი დარჩებოდა. მაშ, რა მოხდა სინამდვილეში?
ჩემი ვერსია მეზობელი რუსეთის მაფიოზურ პრინციპებზე დაფუძნებული ავტორიტარული მმართველობის სისტემის გამოცდილებას ეყრდნობა. ამ სისტემისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტებია: გატაცებები, ფიზიკური ძალადობა, დაპატიმრებები, კიბერშეტევები და პერსონალური შეურაცხყოფები. თუმცა, სრული სამართლებრივი და პოლიტიკური განუკითხაობის პირობებში, ნელ-ნელა ყალიბდება განცდა, რომ მმართველს შეგიძლია გაუკეთო "საჩუქარი", რომელიც სწორედ მისი "თამაშის წესებში" ჯდება და გგონია, ვარაუდობ - რომ მას სიამოვნებას მიანიჭებს, მიუხედავად იმისა, უკვეთავს თუ არა ის ამ კონკრეტულ ქმედებას.
ეს არის მდგომარეობა, როდესაც ტირანი ითვალისწინებს რა პოლიტიკურ შედეგებს, თავად არ იძლევა პირდაპირ ბრძანებას ძალადობაზე, მაგრამ ამას აკეთებს სხვა ჯგუფი, რომელიც მაფიოზური ინფრასტრუქტურის ნაწილია.
სახელმწიფოში არსებული განუკითხაობა და დანაშაულზე პასუხისმგებლობის არარსებობა ქმნის ხელსაყრელ პირობებს ამგვარი ქმედებებისთვის, რასაც შეიძლება "მაფიოზური თვითინიციატივა" ვუწოდოთ. როგორც რუსული პოლიტიკური სისტემის ცნობილი ექსპერტი მარკ გალეოტი აღწერს: - "მაფიოზურ სახელმწიფოში ძალადობა ხშირად არ მოითხოვს პირდაპირ ბრძანებას ზემოდან — მნიშვნელოვანია ერთგულების დემონსტრირება და ინიციატივა, რომელიც ბოსს შეიძლება მოეწონოს".
ამ პრინციპის თვალსაჩინო მაგალითია ცნობილი რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა. ის პუტინის დაბადების დღეზე მოკლეს ჩეჩნური წარმოშობის კრიმინალებმა. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტური გამოძიებითაც კი, პირდაპირი კავშირი პუტინის, ან მისი რომელიმე დაკავშირებული პირის ბრძანებასთან არ დადასტურებულა, საქმის კონტექსტი მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო "საჩუქარი", რომელიც პუტინს "ესიამოვნებოდა".
აქედან ჩემი დასკვნა:
სახელმწიფოს მიტაცებისა და მისი მაფიოზური მეთოდებით მართვის გარკვეულ ეტაპზე, ჩვენ გადავდივართ იმ ფაზაში, როდესაც ცალკეული მაფიოზური დაჯგუფებები, მთავარი მაფიოზის - მაფიის ბოსის ინტერესებისა და მისთვის სიამოვნების მინიჭების სუბიექტურ განცდებზე დაყრდნობით დამოუკიდებლად იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს გადაწყვეტილებები შესაძლოა მაფიის შეფის ტაქტიკურ ამოცანებს არც კი შეესაბამებოდეს, თუმცა ისინი ცდილობენ, დემონსტრირება მოახდინონ საკუთარი ერთგულებისა და სარგებლიანობის, მოიპოვონ „ქულები“ არაფორმალურ იერარქიაში.
გუშინდელი გატაცება, სავარაუდოდ, სწორედ ასეთი "მაფიოზური თვითინიციატივის" ნათელი მაგალითია. ეს არის სისტემის ევოლუცია, სადაც კანონის წინაშე ანგარიშვალდებულება განულებულია, ხოლო ძალადობა ხდება არა მხოლოდ კონტროლის, არამედ ერთგულების დემონსტრირების ინსტრუმენტი მათთვის, ვისაც სურს, მაფიოზური იერარქიის საფეხურებზე აიწიოს. ეს მოვლენები ქმნის მომეტებული საფრთხის განცდას მთელი საზოგადოებისთვის. როდესაც უკონტროლო ძალადობა და "თვითინიციატივები" ნორმად იქცევა, არავინ არის დაცული. ამგვარი განუკითხაობა, ადრე თუ გვიან, ძალიან მძიმე შედეგებით დამთავრდება მთელი ქვეყნისთვის, რადგან ასეთ გარემოში სტაბილურობა და უსაფრთხოება მხოლოდ დროებითი ილუზიაა.