
თბილისის საქალაქო სასამართლოში მანდატურზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული აქტივისტის, ნინო დათაშვილის საქმის განხილვა გადაიდო.
დღევანდელ სხდომას დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის განცხადებით, პენიტენციური დაწესებულებიდან წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, მას ჯანმრთელობის პრობლემების გამო სასამართლოში მისვლა არ შეეძლო.
ადვოკატის თქმით, დათაშვილს კვლავ ხერხემლის პრობლემა აწუხებს და გადაადგილება უჭირს. მისი პოზიციით, პროცესი ვერ გაგრძელდებოდა ბრალდებულის გარეშე, რასთანაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა.
სასამართლო სხდომა 17 სექტემბრისთვის ჩაინიშნა.
ნინო დათაშვილი 20 ივნისს დააკავეს, 9 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარი ინციდენტის გამო. მას ბრალდება წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას გულისხმობს მისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.