იერუსალიმში შეიარაღებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

იერუსალიმში შეიარაღებულ თავდასხმას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

იერუსალიმში მომხდარ სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. შემთხვევა დილით, რამოთის გზაჯვარედინთან, ავტობუსის გაჩერებასთან მოხდა.

ისრაელის პოლიციის ინფორმაციით, ორი თავდამსხმელი ადგილზე ავტომობილით მივიდა და ცეცხლი გახსნა. მათ ცეცხლითვე უპასუხეს უსაფრთხოების თანამშრომელმა და მოქალაქემ. სროლისას თავდამსხმელები მოკლეს. შემთხვევის ადგილზე იარაღი, ვაზნები და დანა იქნა ამოღებული.

ისრაელის სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან მამაკაცები 30-დან 50 წლამდე ასაკის და ერთი ქალი, რომელიც საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. დაშავებულთა ნაწილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ინციდენტის შემდეგ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ და ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ-გვირი შემთხვევის ადგილას მივიდნენ. ისრაელის არმიამ და პოლიციამ ტერიტორია ჩაკეტეს და უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, მათ შორის – რამალას გარეუბნების გარშემოც.

მომხდარი იერუსალიმში ბოლო წლების ყველაზე მძიმე თავდასხმად მიიჩნევა. 2023 წლის ნოემბრის შემდეგ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თავდასხმას ამ რაოდენობის მსხვერპლი მოჰყვა.