ისტორიული დღე ახლოვდება… სულ რაღაც 72 საათი გვაშორებს ევროკომისიის საბოლოო დასკვნას, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს თუ რას გადაწყვეტს წლის ბოლოს ევროპული საბჭო და ამჯერად მაინც მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ამაზე იქნება დამოკიდებული შევინარჩუნებთ თუ არა შანსს დავეწიოთ უკრაინას და მოლდოვას, რომლებიც უკვე ევროკავშირთან გაწევრიანების დაწყების ფაზაზე გადადიან, თუ საბოლოოდ დაიშლება ასოცირებული ტრიო, რომლის ლიდერადაც წლების წინ საქართველო მიიჩნეოდა. კანდიდატის სტატუსზე მორიგი უარის შემთხვევაში ჩამორჩენა 2 საფეხურამდე გაიზრდება, რაც ტრიოს დასასრულს და გაზრდილი ალბათობით იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის გაფართოების ამ ტალღის მიღმა დარჩება.
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას კანდიდატის სტატუსისთვის მოცემული 12 პუნქტის შესასრულებლად ბევრი არაფერი გაუკეთებია, მეტიც, არაერთი ნაბიჯი გადადგა მათი სულისკვეთების საწინააღმდეგოდ: გაზარდა ქვეყნის რუსეთზე დამოკიდებულება; საგრძნობლად შეამცირა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან თავსებადობა; არაერთხელ გადააგდო ევროპული საბჭოს პრეზიდენტი; ბოლოს კი თბილისში სტუმრად მყოფ ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტს ღარიბაშვილი საჯაროდ ეთავხედა - პოზიტიური მოლოდინი მაინც არსებობს, რომ ევროკავშირი საქართველოს, გეოპოლიტიკური მოსაზრებებით, სტატუსს გარკვეული დათქმებითა და პირობებით, მაინც მიანიჭებს. ეს იმიტომ, რომ პირდაპირი უარი ჩვენი ქვეყნის რუსეთთან პირისპირ დატოვებისა და მისი გავლენის სფეროში ჩატოვების ტოლფასი იქნება. საქართველო კი არის სახელმწიფო, რომლის მოსახლეობის თითქმის 90 პროცენტი ევროკავშირის მომხრეა. მხარდაჭერის ასეთი მაღალი მაჩვენებელი ევროკავშირის წევრ ქვეყნებშიც კი არ არის, რომ აღარაფერი ვთქვათ კანდიდატ სახელმწიფოებზე. მეორეს მხრივ, ბრიუსელში ისიც კარგად ესმით, რომ როდესაც საქართველოს ხელისუფლება ასე იქცევა, ქვეყნისთვის დადებითი რეკომენდაციის გაცემამ, შესაძლოა ოცნების მთავრობა კიდევ უფრო გაათავხედოს: შედეგად, საერთოდ უარი თქვას რეფორმების დღის წესრიგზე, გააგრძელოს რუსეთთან დაახლოება, მასზე დამოკიდებულების ზრდის პოლიტიკა, სტატუსი კი ავტორიტარული მმართველობის ვერტიკალის გაძლიერებისთვის გამოიყენოს.
დღეს, გადაწყვეტილებამდე 3 დღით ადრე, ვერავინ იტყვის ზუსტად როგორი იქნება ევროკომისიის დასკვნა. თუმცა, დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ არც პირდაპირი უარი, და არც ღიად უარყოფითი რეკომენდაცია არ იქნება. ბრიუსელი თვალს ვერ დახუჭავს შეუსრულებელ პუნქტებზე, თუმცა რაც შეეხება რეკომენდაციას, აქ ორი ძირითადი ვარიანტი არსებობს: ან იქნება სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია და შეუსრულებელი და დამატებითი პუნქტებისთვის საქართველოს ხელისუფლებას დამატებითი დრო მიეცემა. ან სტატუსის შესახებ რეკომენდაცია არ იქნება, თუმცა იქნება გარკვეული დრო რეკომენდაციების საბოლოოდ შესასრულებლად და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდება სტატუსის ბედი.
კონკრეტულად რომელი ვარიანტიც არ უნდა მიიღოს ევროკომისიამ და მოგვიანებით ევროპულმა საბჭომ, ცხადია რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა უნარჩუნდება. მთავარია, როგორც ევროპულმა ისე ქართულმა საზოგადოებამ სწორი დასკვნები გამოიტანოს და სწორად იმოქმედოს იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ლიანდაგიდან რუსულზე არ გადავიდეს და ცივილიზაციური განვითარების დეპოში არ აღმოჩნდეს. საქართველოს მოსახლეობამ საკუთარი მთავრობა, მათ შორის არჩევნებზე, იმის მიხედვით კი არ უნდა შეაფასოს - მიიღო თუ არა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი, არამედ იმით, ოცნების მთავრობამ სტატუსის მისაღებად კონკრეტულად რა გააკეთა, შეასრულა თუ არა 12 პუნქტი და დატოვა თუ არა ქვეყანა პარტნიორების კეთილი ნებისა და გეოპოლიტიკის ანაბარად.
მეორეს მხრივ, ევროკავშირმა, მიუხედავად იმისა მოგვცემს სტატუსს დათქმებით, თუ დამატებით დროს - მოთხოვნების შესასრულებლად სტატუსამდე, საკუთარ გადაწყვეტილებას კონკრეტული მექანიზმები უნდა მოაყოლოს, რათა ოცნების ხელისუფლებას 2024 წლის არჩევნების გაყალბების და ევროკავშირისადმი აღებული ვალდებულებებისგან თავის არიდების საშუალება არ მისცეს და დროთა განმავლობაში ქართული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროპულ ჩარჩოებში დააბრუნოს. სწორედ ამაზე იყო საუბარი ბერლინში რამდენიმე დღის წინ გამართულ ევროკავშირისა და ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, როდესაც გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, ანაბელა ბერბოკმა განაცხადა რომ ევროკავშირი მუშაობს სპეციალურ მექანიზმზე, რომელიც კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებისთვის აუცილებელი რეფორმების დროულად გატარებასა და ქვეყნის პოლიტიკის ევროკავშირთან თანხვედრაში მოყვანაში დაეხმარება.
და ბოლოს, ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველო, როგორც სახელმწიფო, ღრმა დასავლური ცივილიზაციური ფესვების, თუმცა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვაზია, გეოპოლიტიკური ბედის უკუღმართობის გამო არაერთხელ გაცრუებულ ჩვენს პროდასავლურ მისწრაფებებს მორწყვა და განაყოფიერება ჭირდება. კანდიდატის სტატუსმა, ან თუნდაც დამატებითმა დრომ ამ სტატუსის მოსაპოვებლად, სწორედაც რომ ეს ფუნქცია შეიძლება შეასრულოს. თუმცა ეს საკმარისი არ არის. ქართულ ვაზს ძლიერი ევროპული ჭიგო ჭირდება, საყრდენი, რომელიც მას გეოპოლიტიკური რყევებისგან, რუსეთის მტრული გავლენისა და რაც მთავარია, შიდა ავტორიტარიზმის საფრთხეებისგან დაიცავს. სწორედ ამ ჭიგოს მოვალეობა უნდა შეასრულოს ევროკავშირის კონტროლისა და დახმარებისა კონკრეტულმა მექანიზმმა, რომელიც კანდიდატის სტატუსს უნდა მოჰყვეს თან იმისთვის, რომ განსაზღვროს თუ როგორ, კონკრეტულად რა დროში და როგორი ქრონოლოგიით უნდა დააკმაყოფილოს საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირის მოთხოვნები. ევროპას ეჭვი არ უნდა შეეპაროს, რომ 90%-იანი სახალხო მხარდაჭერა ის ნიადაგია, სადაც საქართველოს მართლაც ისტორიული და არა პუტინისტების ოცნება ახდება და გაჯანსაღებული სახელმწიფოებრივი ორგანიზმი თავად მოინელებს იმ სარეველას, რომელიც ჩვენდა სამარცხვინოდ, ბოლო ხანებში, ძალიან შემოგვერია და წინაპრების სისხლითა და ოფლით ნაზარდ ნაყოფს დამწიფების საშუალებას არ აძლევს.